დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო, - ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა ქადაგების დაწყებამდე ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალი აკურთა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს შესრულდა დიდი აიაზმის კურთხევა.
"დღეს ეკურთხა მთელი ფიზიკური სამყარო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უხვად ასხუროს ეს ნაკურთხი წყალი და განგვწმინდოს ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ყოვლისაგან ბოროტისა, ანგელოზი მფარველი სუფევდეს საქართველოში, მფარველი ჩვენი ხალხისა და ერისა. დალოცვილი და გახარებული იყავით", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მიმართა მრევლს ნაკურთხი წყალი სახლში წაიღონ, თავადაც მიიღონ და ასხურონ შვილებს, სახლს, ეზოს, რათა მადლი ყოვლად წმინდისა სამებისა გადავიდეს მათზე.
"დღევანდელ დღეს ასევე ეწოდება განცხადება უფლისა. წმინდა სამება შეგეწიოთ, დღეს არის ჩვენი ტაძრის დღესასწაული. წმინდა სამება გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა.