ცოტა ხნის წინ ქუთაისში ვიყავი. ტრადიციული ქართული სუფრა გაიშალა. როგორც ქუთათურებს სჩვევიათ, იუმორის ფესტივალი მოაწყვეს, თუმცა ყველაზე მეტად ერთი ისტორია დამამახსოვრდა, რომელიც ბატონმა ალექსანდრე იოსებაშვილმა მომიყვა:
- 2002 წელს ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოში ვმუშაობდი. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვიდა წერილი. წერილში გვთხოვდნენ, რომ მოგვეკვლია მეორე მსოფლიო ომში დატყვევებულ გერმანელთა და იაპონელთა საფლავები, რომლებიც ქუთაისის ტერიტორიაზე იყვნენ დაკრძალული. 6 თვის მერე ჩამოვიდა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში 3 იაპონელი შედიოდა (ერთ-ერთი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე) და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ რუკები, რომელიც იყო KKB-ს არქივიდან ამოღებული. ეს იყო ე.წ. სიტუაციური რუკები, თუმცა უფრო მართებულია თუ მას სიტუაციურ გეგმებს დავარქმევთ, რომელიც იყო ოფიცრების მიერ შედგენილი. ამ გეგმებზე იყო დატანილი: რუ, სახნავი, პატარა ქოხები და სხვა, ანუ ის ადგილები, რომელიც 40-იან წლებში იქ იყო, მაგრამ 2002 წელს ეს ტერიტორიები რადიკალურად შეიცვალა და ეს გარემოება ძალიან ართულებდა ძიების პროცესს. არადა იაპონიიდან მაღალი რანგის დელეგაცია გვსტუმრობდა და გვინოდოდა, რომ დავხმარებოდით.
მოგეხსენებათ, 1943 წელს სტალინის ბრძანებით ქუთაისში დაიწყო ავტოქარხნის მშენებლობა, რომლის მუშახელი იაპონელი და გერმანელი ტყვეები იყვნენ. მათი საფლავებიც დღევანდელი ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიებზეა. სწორედ აქ დავიწყეთ ძებნა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ვერაფერს მივაკვლიეთ, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით, გეგმები რომლის მიხედვითაც ჩვენ ვეძებდით, სრულებით არ ასახავდა რეალობას. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეძებნა ის ხალხი, ვინც ამ პერიოდში ცხოვრობდა და უშუალოდ იყო ტყვეების მხილველი. მაგრამ საფლავებს მაინც ვერ მივაკვლიეთ.
უკვე წამოსვლას ვაპირებდით, როცა ერთი კაცი მოვიდა და გვითხრა, რომ მე ვიცი ერთი ადგილი, სადაც გერმანელი ტყვეა დაკრძალულიო. გავყევით, ერთ ადგილას მიგვიყვანა და ასეთ ისტორიას მოგვიყვა: ერთ ხონელ ქალს შეყვარებია გერმანელი ტყვე, რომელიც მალევე გარდაცვლილა და იქ დაუკრძალავთ. საიდან იცი, რომ მართლა აქ იყო დაკრძალული-მეთქი და დაახლოებით 30 წლის მანძილზე ყოველ აღდგომა დღეს ეს ქალი მოდიოდა, ამ ადგილას კვერცხებს აწყობდა და სანთლებს ანთებდაო. ისე უვლიდა ამ ადგილს, როგორც მისთვის ყველაზე წმინდა რელიქვიასო. მერე ერთ აღდგომას არ მოვიდა და მივხვდი, რომ აღარასოდეს აღარ მოვიდოდაო...
როგორც აღმოჩნდა. ამ ქალბატონს და გერმანელ ტყვეს ერთმანეთი შეყვარებიათ, მაგრამ მაშინ ვინ მისცემდა მათ ერთად ყოფნის უფლებას, თანაც ტყვე მალე ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. ეს ქალი კი მისი ერთგული დარჩენილა. ქალი, რომელიც ულამაზესი ყოფილა, იმდენად იცავდა საკუთარი სიყვარულის სიწმინდეს, რომ ხელის სათხოვნელად მისვლასაც კი ვერავინ ბედავდაო. მთელი დარჩენილი ცხოვრება შავებში ჩაცმულს გაუტარებია. მხოლოდ აღდგომა დღეს მიდიოდა, თურმე, საფლავზე. აღდგომას მისვლით ერთგვარ პროტესტსაც გამოხატავდა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ეს იყო სიყვარული გისოსებს მიღმა. ამ ქალის ქცევა იმხელა რიდს და პატივისცემას იწვევდა ყველაში, რომ ამ ასაკოვან კაცს, რომელიც მაშინ ბავშვი იყო, დღემდე შემორჩენილი ჰქონდა მისდამი პატივისცემა. საოცარი ისაა, რომ დიდი ალბათობით, ეს ქალბატონი ამ გერმანელს არც იცნობდა, არაა გამორიცხული, მისი სახელიც კი არ ცოდნოდა, მაგრამ იმხელა სიყვარული ჰქონდა, რომ ეს სიყვარული ბოლომდე ერთგულად ატარა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ ამ ადგილს აღარავინ მოუარა და გავერანდა, მაგრამ სიყვარულის ისტორია მაინც ყველას ახსოვს და დღემდე დიდი პატივისცემით იხსენებენ.
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE