ვინ იცის, რამდენ მებაღესთან, მეყვავილესა თუ დეკორატორთან მისაუბრია, მაგრამ ისეთი რესპონდენტი ჯერ არ მყოლია, რომელსაც მცენარეებისა და ბუნების განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ძირითადი პროფესიის პარალელურად, მებაღეობის დასაუფლებლად, სწავლა სპეციალურ სასწავლებელში დაეწყოს.
ჟურნალისტმა თამარ ხონელიძემ თავის ორ დიპლომს (უცხო ენების სპეციალისტისა და არქიტექტორის) მესამეც მიუმატა, - საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში საფუძვლიანად შეისწავლა ეს დარგი და უკვე დიპლომიანი მებაღე-დეკორატორიც გახლავთ.
თამარ ხონელიძე: - ქვეყანა, სადაც ასეთი კარგი ბუნებრივი პირობებია, რატომ არ უნდა იყოს ბაღნარი?! გაიხედ-გამოიხედავ და გული დაგწყდება, ირგვლივ უამრავი მიტოვებული მიწის ნაკვეთია. ჩემმა მეუღლემ, პროფესიით აგრონომმა, 7 წლის წინ ნატახტარში მიწის ნაკვეთი შეიძინა. აფხაზეთიდან დევნილმა ყველაფერი დაკარგა და ერთ დღესაც გადაწყვიტა, - ნატახტარში დავსახლდები, რომ ჩემს შთამომავალს მამაპაპისეული ფუძე ჰქონდესო. მიუხედავად იმისა, რომ ნატახტარში მართლა კარაქივით მიწაა, იქაურთა უმეტესობა მწვანილს მაღაზიაში ყიდულობს, რაც ძალიან მიკვირს.
ჩვენ უკვე 5 წლის ბაღი გვაქვს, სადაც 120 ძირი, ძირითადად ხეხილოვანი კულტურაა დარგული. დეკორატიული ბაღი ვერ გავაშენე, ჯერჯერობით მხოლოდ ბანკს ვქმნი - რა მცენარეც მომეწონება, მიმაქვს და ნაკვეთში ვრგავ. როცა ბაღის კონცეფცია მექნება, უკვე ადაპტირებულ მცენარეებს გავაშენებ. პატარა სახლი ავაშენეთ ეკოლოგიურად სუფთა მასალითა და ტექნოლოგიით - გვაქვს ავტონომიური მზის გათბობა, ჭა, ბუხარი, რომ სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. შაბათ-კვირას სულ იქ ვართ და სულიერად ვისვენებ, მიწასთან ურთიერთობა მამშვიდებს.
- თბილისში, მრავალსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მცენარეებით ლამაზად გაქვთ აივანი გაფორმებული.
- ყვავილებით გატაცება 15 წლის წინ დამეწყო. ნუცუბიძის პლატოზე ვცხოვრობ, საიდანაც თბილისი ჩანს გაშლილ ვიტრაჟში და წელიწადის დროთა ცვალებადობა ბინის ინტერიერს ფონს უქმნის. ჩუქურთმებიანი აივანი მაქვს, რკინა მთლიანად მოვხსენით. ძველი თბილისი შემოვიარეთ, ლამაზ, ძველქართულ აივნებს ფოტოებს ვუღებდით ნიმუშის შესარჩევად. კორპუსისთვის ამგვარი ელემენტი ცოტა უცხო კი იყო, მაგრამ მაინც ვცადეთ მისადაგება. როცა ლამაზი აივანი გაქვს, მერე იქ განსაკუთრებული ყვავილებიც მოგინდება. სამწუხაროდ, თბილისში აივნების გაფორმება ჯერჯერობით დაბალ დონეზეა...
- ია ბევრი გაქვთ?
- კი, უზამბარულმა (ოთახის) იებმა თავიდანვე ძალიან გამიტაცა. ჩემთან ერთხელ სამოცდაათი სხვადასხვა ფერის ია ყვაოდა, საოცარი სილამაზე იყო... მერე აივანს ვარდები დავამატე, მოაჯირებზე კი პეტუნიები გადმოვკიდე. იმ დროს აივნების ტელეკონკურსი გამოცხადდა, ჩემმა რძალმა აივნის ფოტო საკონკურსოდ ჩემგან დამოუკიდებლად ატვირთა. ერთ დღეს კი შინ კომპეტენტური ჟიური მეწვია.