2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ახლობლები საქმეში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ღიად ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ კუჭავას გვარი, შესაძლოა, ვახტანგ ქირიას მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდეს, ambebi.ge მაღალდაძის მეგობარს, მამუკა გუგეშაშვილს ესაუბრა, რომელმაც 2007 წელს, მცხეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გაიხსენა და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ბიზნესმენი გოჩა მაღალდაძის მკვლელობის უკან სწორედ კუჭავა დგას.
გუგეშაშვილის თქმით, გოჩა მაღალდაძე იმ წლებში კაზინო "ფორტუნას" მფლობელი იყო, ბიძინა კუჭავა კი "ასტორია პალასის". როგორც გუგეშაშვილი იხსენებს: "ნახევარი მილიონი მოიგო კუჭავამ მაღალდაძის კაზინოში, შემდეგ კი სხვადასხვა სამორინეებში დიდი თანხები წაუგია. ბოლოს კი, რაც უკვე გოჩასგან ვიცოდი, 100 ათასი ითხოვა, რომ წასულიყო და ეთამაშა, ეს ფული კი არ დაუბრუნა. გოჩა სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა კუჭავას ჩემი ვალი აქვსო. 2007 წლის 9 მაისს მოხდა ეს შემზარავი მკვლელობა, მაშინ ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაკითხვებზეც დაყავდათ, იყო ბიძინა კუჭავა".
ამ საქმეში კუჭავას გვარმა ჯერ კიდევ 2009 წელს მიმდინარე სასამართლო პროცესზე გაიჟღერა: კერძოდ, თბილისში მოკლული 67 წლის თამაზ ნინუასა და მისი 64 წლის მეუღლის ეთერ ნინუასთან მკვლელობის საქმის პროცესზე. სასამართლოში ერთ-ერთმა მოქალაქემ ვაჟა ნუცუბიძემ დაკითხვის დროს მაღალდაძის მკვლელობა გაიხსენა: "გოჩა მაღალდაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად.... ბიძინა კუჭავას 50.000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას 69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში "გაარასხოდა". კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში... 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე...
მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"- განაცხადა ნუცუბიძემ სასამართლო პროცესზე.
ნახევარი მილიონი მოიგო კუჭავამ მაღალდაძის კაზინოში