საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესს "ძალიან საინტერესო შეთავაზებებს" პირდება. შესაბამისი განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.
"ახლა ძალიან საინტერესო პროცესს გავდივართ. ყოველდღიურად გვაქვს ერთი მინისტრის მოსმენა ანუ კონკრეტული მინისტრი საკუთარ პორტფელს იხილავს მთავრობის ყველა წევრთან ერთად. განხილვის პროცესში ჩვენ ვახდენთ თითოეული სამინისტროს პროექტების, პორტფელების პრიორიტეტიზაციას, რათა მოხდეს სამი კრიტერიუმით ყველაზე მთავარი პრიორიტეტების გამოვლენა. ეს სამი კრიტერიუმია: საზოგადოების აქტუალობა, მეორე - საკითხის თანხვედრა ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და მესამე - ის რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია იმისთვის, რომ ამა თუ იმ საკითხის განვითარება და პრობლემის მოგვარება გადავწყვიტოთ. ამიტომ ვფიქრობთ, ამ პროცესში თქვენი ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ბიზნესისთვის", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი მიზანია ბიზნესსექტორთან მაქსიმალური კომუნიკაცია და მისი ჩართულობა ეკონომიკური ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
"დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის და არა მარტო ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მინდა, უპირველს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ორიენტირებულია იმაზე, თუ თუ რა ჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა არის ჩვენი სტრატეგია, რა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები", - მიმართა კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.
მისივე განმარტებით, "ჩართულობის სულისკვეთება მთლიანად უნდა გასდევდეს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას".
"მინდა, ყველა თქვენგანი ასევე გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვენლოვანი ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.