მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის ამკრძალავი კანონი 1-ლი მარტიდან, ალბათ, აღარ ამოქმედდება. მეტიც, ჯერ არც ის არის ცნობილი, რა სახით დაამტკიცებენ წინადადებებს, რომელთა პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ზარ-ზეიმით დეკემბრის დასაწყისში მოაწყო. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა ხმამაღალი დასახელებით - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის", რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გულისხმობდა. მათ შორის იყო მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა და მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის დაწესება.
შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა, თუმცა, კანონპროექტის ავტორები პარლამენტარების შეფასებებს არ დალოდებიან, ისე დააანონსეს ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის ვადები: მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის - 1-ლი მარტი, ხოლო 100-ქულიანი სისტემისთვის - 1-ლი იანვარი. ახლა კი ირკვევა, რომ პარლამენტარებს ბევრი შენიშვნა, შეკითხვა და განსხვავებული მოსაზრება აქვთ, რომლებიც დეპუტატებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად უნდა განიხილონ და კანონპროექტი მხოლოდ ამის შემდეგ გავა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე და ახალი წესების ამოქმედების ვადებიც გადაიწევს - დეპუტატების ვარაუდით, წლის მეორე ნახევრამდე მაინც. როგორც ჩანს, შსს-ში ინიციატივის კანონად ქცევა "უკონტაქტო პატრულირებასავით" წარმოედგინათ და არ გაუთვალისწინებიათ, რომ პარლამენტს კანონის მისაღებად აუცილებელი პროცედურების გავლა დასჭირდებოდა. სხვა რით შეიძლება აიხსნას უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებმაც ბიზნესი უკვე დააზარალა?
გიორგი სუპატაშვილი, "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორი: - მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 2016 წლის 1-ლი მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, ჩვენმა კომპანიამ იაპონიიდან ავტომობილების იმპორტი შეწყვიტა. ამან უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესზე, რადგან თითქმის მთლიანად დავკარგეთ მომხმარებელთა სეგმენტი. შემდეგ შევიტყვეთ, რომ, ალბათ, რეგისტრაციის აკრძალვის თარიღი გადაიწევს. რას გვერჩოდა შსს?!
იხილეთ გაგრძელება