სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ, რომელიც მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს და გამოძიების შედეგების მოლოდინშია.
"ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც", - აღნიშნა მან. ამასთან, გარდაცვლილის ძმამ საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისთვის და მისი ძმის ცხედრის პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქირიას მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, სამსახურებრივი არ ყოფილა.
"სავარაუდოდ, მოტივი არ იყო სამსახურებრივი, როგორც ეს ახლობლებისგან გავიგე, თუმცა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა ქანთარიამ.
შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე N35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს.
შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილია "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა, რომელმაც ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება კუჭავას მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის დაკითხვაზე იმყოფება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე არსებული სახლი, სადაც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.
იხილეთ ასევე: ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული