ბურკინა ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 18 ეროვნების სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ბურკინა ფასოში საფრანგეთის ელჩი ჟილ ტიბო წერს. "ბიბისის" ცნობით, შტურმისას მოკლულია ოთხი "ბოევიკი", აქედან სავარაუდოდ, ორი - ქალია.
სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებულია სულ მცირე 150 ადამიანი, რომელიც თავდასხმის მომენტში სასტუმროში იმყოფებოდა. ტერორისტები დედაქალაქ უგადუგუში მდებარე სასტუმრო "სპლენდიდში", სადაც ძირითადად, გაერო-ს თანამშრომლები და ტურისტები იმყოფებოდნენ, გუშინ გვიან საღამოს შეიჭრნენ. თავდაპირველად სასტუმროსთან ორი ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი შეიარაღებულ მამაკაცთა ჯგუფმა სასტუმროს დაცვის თანამშრომელთა მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობა აიღო.
პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი ისლამისტური დაჯგუფების, "ალ-მურაბიტუნის" მებრძოლებმა აიღეს.