ბავარიის ადგილობრივი მთავრობა, ლტოლვილთა ნაკადის შემცირების მიზნით, ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოებას ითხოვს.
გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ის ცნობით, სიაში საქართველოს შეყვანასაც ითხოვენ.
მათივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვლება.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქვეყანა მიიჩნევა უსაფრთხოდ, თუ იქ არ არის პოლიტიკური დევნა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაჰიმ ჰერმანმა მთავრობის შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული სია მთავრობას დაეხმარება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლების განაცხადებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, იმ ქვეყნების სიაში, რომლიდანაც გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარი უნდა ეთქვათ, საქართველოს გარდა, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ინდოეთი, მალი, მონღოლეთი, ალჟირი, გამბია და ბანგლადეშიც უნდა შევიდეს.
გერმანული გამოცემის ცნობით, თავშესაფრის მოთხოვნაზე სწორედ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების განცხადებებს იშვიათად აკმაყოფილებს მიგრაციისა და ლტოლვილების ფედერალური სამსახური.