2015 წელს აზერბაიჯანულმა მანათმა დოლართან მიმართებაში დევალვაცია ორჯერ განიცადა. პირველად აზერბაიჯანული მანათის დევალვაცია 2015 წლის თებერვალში მოხდა, 21 დეკემბერს კი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან ე.წ. მცურავ კურსზე გადავიდა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი სავალუტო კრიზისი მალე ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას მოახდენს. ლევან კალანდაძის განცხადებით, ერთი მხრივ აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი და მეორე მხრივ, აზერბაიჯანული ბიზნესის დოლარზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოში, ქვეყნისთვის გარკვეულ რისკ ფაქტორს წარმოადგენს.
"იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ ფორმალურად გადავიდა მცურავ კურსზე და სინამდვილეში მკაცრი სავალუტო რეგულაციები დააწესა, აზერბაიჯანიც და ზოგადად იქაური ბიზნესიც დაინტერესებულია საზღვარგარეთ მაქსიმალურად დოლარის მასის გაზრდაზე ორიენტირებული ოპერაციები განახორციელონ. ეს არ არის კატასტროფული ტენდენცია, თუმცა გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევი ფაქტორია, ამიტომ სამომავლო მოქმედებების და მონეტარული პოლიტიკის კორექტირების კუთხით უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში მაინც ხელისუფლებამ ეს რისკ ფაქტორი, როგორც დამატებითი რისკ ფაქტორი ლართან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს", - აღნიშნავს ლევან კალანდაძე. მისი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ადეკვატური, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის პირობებში, არსებული სიტუაცია შესაძლებელია მეტნაკლებად დაბალანსდეს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარება. მისი თქმით, ქვეყანას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება მოუწევს. კალანდაძის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ბიუჯეტის მაქსიმალურად თანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გარკვეული გადაცდომების გამორიცხვაა, რათა თავად ბიუჯეტი არ გახდეს ლარის კურსის გაუფასურების მაპროვოცირებელი. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემას უკავშირდება განაგრძეთ კითხვა