ტელეკომპანია "ტაბულას" ყოფილ და მოქმედ ჟურნალისტებზე გუშინ საღამოს რესტორან "ჭაშნაგირში" თავდასხმა მოხდა. თავდასხმაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. დაზარალებული ჟურნალისტები გვიან ღამით დაკითხეს. როგორც ისინი ყვებიან, ოთხი ახალგაზრდა ყოველგვარი სიტყვიერი შელაპარაკების გარეშე, პირდაპირ გადავიდა მათზე თავდასხმაზე: "მინიმალური პროვოცირებაც არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. შევედით, დავსხედით, უკნიდან რაღაც კომენტარები იყო, მაგრამ ჩავთვალეთ რომ ჩვენი მისამართით არ ყოფილა" - ყვება "ტაბულას" ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ლევან სუთიძე "რუსთავი 2"-თან საუბარში.
"იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დალეწეს მთელი რესტორანი, ინვენტარი, სკამები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენზე თავდასხმა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს მეტს, უბრალოდ, ეს ალბათ დაუსჯელობის სინდრომია, რაც ქვეყანაში არსებობს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჟურნალისტები და ზოგადად, ადამიანის უფლებები", - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ.
"ტაბულას" წამყვანმა ლევან სუთიძემ მოგვიანებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: "გამოვედით პოლიციიდან. არავის ვუცემივარ, ვერ მოასწრეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი რისკის ქვეშ ვდგები, ამიტომ არანაირ სტრესს არ განვიცდი. იალბუზივით მშვიდი და გოროზი ვარ. ვინერვიულე მეგობრის გამო, რომელსაც სცემეს. უტვინო, მოძალადე ბნელების, რომელსაც საპატრიარქო აწარმოებს თავის ანტიქრისტიანულ ბაპტისტერიუმებში, არასდროს მეშინოდა, არც ახლა მეშინია და არც ხვალ შემეშინდება. ძვირად დაუჯდებათ. თუ მოძალადეებს არა, იმათ, ვინც ცუდად გამოიძიებს."
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.