ავტორი:

გზა ეტლიდან საბაგირომდე - უნიკალური ფაქტები დედაქალაქის ტრანსპორტის ისტორიიდან, რომელიც ბევრმა თბილისელმა არ იცის

გზა ეტლიდან საბაგირომდე - უნიკალური ფაქტები დედაქალაქის ტრანსპორტის ისტორიიდან, რომელიც ბევრმა თბილისელმა არ იცის

ჩვენს ქალაქში ცხოვრების პირობების ეტაპობრივ ზრდა-განვითარებასთან ერთად, ტრანსპორტიც თანდათან ვითარდებოდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან (1850-1883 წლები) თბილისში ძირითადად ეტლებით მგზავრობდნენ, მათში ყველაზე გამორჩეული იყო დროშკა. ბარონი ტორნაუ წერდა - "დროშკები გამწკრივებულნი იდგნენ შუა ბაზარში, მადათოვის მოედანზე. ტფილისის მედროშკენი ისე დააქროლებდნენ თავიანთ ცხენებს, რომ გამვლელებს შიშის ზარს სცემდნენ".

1870 წლისთვის ქალაქში 439 - ორცხენიანი, 117 - ერთცხენიანი ეტლი და 672 საზიდარი მოძრაობდა.

  • 1883 წელი

თბილისის ფართობისა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საცხენოსნო რკინიგზა შექმნილიყო, ანუ ე.წ. კონკა. პირველი კონკა 1883 წლის 10 მარტს გამოჩნდა, რომელმაც დავით აღმაშენებლის გამზირის (მაშინდელი მიხეილის ქუჩის) გავლით, ერთმანეთთან რკინიგზის სადგური და დღევანდელი ზაარბრიუკენის მოედანი დააკავშირა. მერე კი მარშრუტი ახლანდელ თავისუფლების მოედნამდე გაგრძელდა. მოგვიანებით რუსთაველის გამზირი და ვერის ნაწილი მოიცვა, საიდანაც ვერის ხიდის გავლით, კონკა მარჯანიშვილის ქუჩაზე მიდიოდა.

იმის გამო, რომ იმ დროს საგანგებო გაჩერებები დაწესებული არ იყო, თითოეულ ვაგონს კონდუქტორი დაჰყვებოდა, რომელიც ვაგონს მგზავრების მოთხოვნით აჩერებდა. 1899 წელს თბილისში კონკის 22.4 კილომეტრი ლიანდაგი იყო გაყვანილი, ამ ტრანსპორტმა 1910 წლამდე იარსება.

  • 1904 წელი

იმის გამო, რომ ქალაქში ცხოვრების ტემპი მატულობდა, დედაქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ცხენის ძალა ელექტროენერგიით ჩაენაცვლებინა და ტრამვაის მოდერნიზება მომხდარიყო. სამუშაოები ბელგიელმა სპეციალიტებმა განახორციელეს.

1904 წელს ელექტროტრამვაის მშენებლობა დაიწყო, რითაც ბელგიური კომპანია დაკავდა. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტროტრამვაი, ლიანდაგის სიგანე 1000 მილიმეტრი იყო. როგორც ვთქვით, 1910 წელს "კონკამ", რომლის ლიანდაგის სიგანე 914 მმ. იყო, არსებობა შეწყვიტა.

  • 1930 წლიდან

ტრამვაის როლი ქალაქში საბჭოთა პერიოდის დამყარების შემდეგ გაიზარდა. 1930-იან წლებში თბილისის ცენტრი ახლად გაშენებულ რაიონებს ტრამვაით დაუკავშირდა. 1940 წელს ამ ტრანსპორტმა თბილისში რეკორდული რაოდენობის მგზავრი გადაიყვანა. მოგვიანებით მისი როლი შესუსტდა, რაც ქალაქში ახალი ტიპის ტრანპორტის დანერგვამ განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, წლიურად 50-მილიონი მგზავრი მაინც გადაჰყავდა. 1985 წლისათვის ტრამვაის ქსელი 100 კილომეტრს კი აჭარბებდა. ამ ტრანსპორტის გაუფასურება 1990 წლებიდან დაიწყო და საბოლოოდ, მისი გაუქმებით დამთავრდა.

  • 1933 წელი

1933 წელს თბილისის საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემას ავტობუსიც დაემატა, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე, დღეში ხაზზე მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა, რომელთა მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრი იყო, პირველივე წელს მგზავრთა რაოდენობამ 1.200.000-ს მიაღწია. მომდევნო წლებში ქსელის სრულყოფასთან ერთად, იზრდებოდა მგზავრთა რაოდენობაც - 1970 წელს მათმა რაოდენობამ 125 მილიონს გადააჭარბა, მომდევნო ათ წელიწადში კი, თითქმის 100 მილიონით გაიზარდა, რასაც მოსახლეობისა და ქალაქის ფართობის ზრდა იწვევდა.

  • 1937 წელი

ტროლეიბუსი თბილისში 1937 წლიდან გამოჩნდა, მისი ამოქმედებისა და მარშრუტების დასახვის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის პირველი გენერალური გეგმის შედგენასთან ერთად, 1934 წელს მიიღეს. ტროლეიბუსის ხაზის სიგრძე მისი გახსნის წელს, 15-მდე კილომეტრს შეადგენდა და საბჭოთა კავშირის დაშლისას 95-მდე გაიზარდა. ამას, ტროლეიბუსთა რიცხვის ზრდაც მოჰყვა. მას დიდი კონკურენცია მაინც ტრამვაისთან ჰქონდა, რის შედეგადაც, საბოლოოდ შეძლო თბილისის ქუჩებიდან ტრამვაის განდევნა.

90-იან წლებში მეტროსთან ერთად, ტროლეიბუსი ერთადერთი რეალურად მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდა, რომელმაც არსებობა საბოლოოდ, 2006 წელს შეწყვიტა.

  • 1957 წელს

პირველი საბაგირო გზა თბილისში 1957 წელს შეიქმნა, რომელმაც რუსთაველის გამზირი მთაწმინდის პარკთან დააკავშირა. საბაგირო გზის სიგრძე 906 მეტრი იყო, რომელზეც ორი, 25-ადგილიანი ვაგონი, 6 მეტრ/წამის სიჩქარით მოძრაობდა.

1966 წელს გაიხსნა 1140 მეტრიანი საბაგირო გზა ვაკესა და კუს ტბას შორის. ვახუშტის ხიდის გახსნამდე, დიდუბესა და საბურთალოს შორის ასევე ფუნქციონირებდა საბაგირო მიმოსვლა. 90-იანი წლების დასაწყისამდე, თბილისში სულ 5 საბაგირო გზა არსებობდა, მათგან ბოლო სამგორსა და ვაზისუბანს შორის 1986 წელს გაიხსნა, ასევე იყო საბურთალო (ნუცუბიძის ქუჩა) - ლისის ტბა, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ბაგების საერთო საცხოვრებელს შორის.

  • 1966 წელი

მეტრო ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისაგან შედგებოდა ("დიდუბე", "ელექტროდეპო", "ოქტომბერი" (შემდგომ "ნაძალადევი"), "ვაგზლის მოედანი", "მარჯანიშვილი" და "რუსთაველი"), ხოლო მისი სიგრძე 6.5 კილომეტრს შეადგენდა. მეტროპოლიტენის ამოქმედება მნიშნველოვანი რამ იყო არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციისათვის, არამედ მოსახლეობისთვის. თუმცა ამ საქმეს საფუძველი ჯერ კიდევ 1951 წლის 29 სექტემბერს, ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ჩაეყარა, როცა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღეს.

  • 2009 წელი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას (ყოფილი შპს "თბილისის მეტრო") 2009 წელს, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საკუთრებაში მუნიციპალური ავტობუსები და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონება - სამი ავტოპარკის სახით გადაეცა.

  • 2011 წელი

თბილისის მერიამ ავტობუსების გაჩერებებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული მაჩვენებლების მონტაჟი დაიწყო. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 მაჩვენებელი დამონტაჟდა. აგვისტოს ბოლომდე კი მგზავრებით ყველაზე მეტად დატვირთულ 450 გაჩერებაზე მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, ზუსტად განესაზღვრა სასურველი მარშრუტის მოსვლის დრო და მგზავრობა. ელექტრონული ტაბლოები ონლაინ-რეჟიმში მუშაობენ და მგზავრებს სიზუსტით აწვდიან ინფორმაციას, რამდენ წუთში მოვა ავტობუსი.

  • 2012 წელი

2012 წლის 26 ივნისიდან, ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტს რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა შეემატა, რომელიც ძალიან სწრაფი სატრანსპორტო საშუალებაა. საბაგირო საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენდა და როგორც ამბობენ, აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ ნორმებს. რიყე-ნარიყალის საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და 7 გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთ-ერთი სრულიად გამჭირვალეა, რაც მას ორიგინალობას მატებს. საბაგირო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.

"ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა" - ვახტანგ კალოიანი

იტალიაში მოხუცთა პირად ასისტენტად მომუშავე ქართველები, შეიძლება ვაქცინაციის პირველი ტალღისას აცრან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 993 - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით