როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ავტოდილერები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ და მთავრობის ერთ-ერთ დადგენილებაში ის პუნქტი გააპროტესტეს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო სტრუქტურებს იაფი ავტომობილების შესყიდვის უფლება შეეზღუდათ. მათი მტკიცებით, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე შეცდომაში შეიყვანეს და მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, რომელმაც ქამრების შემოჭერის ნაცვლად, ჩინოვნიკებს ძვირად ღირებული მანქანების შესყიდვის აუცილებლობა დაუკანონა, რითაც ავტობიზნესში ჩართულ საშუალო სეგმენტს დიდი დარტყმა მიადგა.
ალბათ გახსოვთ, თავის დროზე გამგებლების (და არა მხოლოდ მათი) ძვირად ღირებული მანქანები მთავრობის ადმინისტრაციაში მსჯელობის საგანი გახდა. შეიმუშავეს წესი, რომელიც ავტომობილების შესყიდვის საკითხს დაარეგულირებდა. ეს წესი გარკვეულწილად იმასაც განსაზღვრავდა, რომ შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკს რანგით მასზე მაღალ თანამდებობის პირზე უფრო ძვირად ღირებული ავტომობილი არ მომსახურებოდა (რა თქმა უნდა, სახელმწიფო ფულით შესყიდული). ერთი შეხედვით, ამ კეთილშობილურ პროექტში ერთი პატარა, მაგრამ საინტერესო ჩანაწერი გაჩნდა - სამთავრობო სტრუქტურებისთვის შესასყიდი ავტომობილის მოთხოვნათა ნუსხაში ჩაიწერა, რომ სავალდებულოა უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის, ამერიკული ან ევროპული "ქრაშ ტესტის" ქონა. ავტოდილერების მტკიცებით, სწორედ ამ ჩანაწერით სახელმწიფო სტრუქტურებს იაფი ავტომობილების შესყიდვის შესაძლებლობა შეეზღუდათ, რადგან ჩინური და კორეული წარმოების მანქანებს ასეთი "ქრაშ ტესტი" არ გააჩნიათ.
ავტოდილერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას მიმართეს...
გიორგი გახარია: - ავტოდილერებმა მართლაც მომმართეს, ვსწავლობთ ამ თემას და ამ დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება... თუ დასაბუთდება, რომ იაფი ავტოტრანსპორტის შემომყვან დილერებს სახელმწიფო შესყიდვებისთვის კონკურსში მონაწილეობას უსაფუძვლოდ უზღუდავენ, დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხს დავაყენებთ. ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ.
შალვა ოგბაიძე, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი: - მთავრობის ამ დადგენილებაში ერთ-ერთი დეტალია "ქრაშ ტესტის" დამადასტურებელი სერტიფიკატის ვალდებულება, თუმცა ეშმაკი სწორედ დეტალებში იმალება. ლაპარაკია ავტობიზნესსა და ამ ბიზნესში ჩართულ იმ სეგმენტზე, რომელსაც შედარებით იაფი, ჩინური, კორეული ან სხვა წარმოების ავტომობილები შემოჰყავთ საქართველოში. ამ ჩანაწერმა სახელმწიფო ტენდერებიდან ავტომატურად "ჩახსნა" იაფი ავტომობილების შემომყვანი დილერები, რომელთაც კრედიტები აქვთ აღებული და ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული... მათ შემოჰყავთ იაფი ავტომობილები, რომელთაც ამერიკული ან ევროპული "ქრაშ ტესტი" არ გააჩნიათ. ამ მხრივ ავტობიზნესში ჩართულმა საშუალო ბიზნესმა დიდი დარტყმა მიიღო.
გაგრძელება