"დღეს უკვე მთელი საზოგადოება ლაპარაკობს ჩვენს სულიერ სიღატაკეზე, რაც უკვე ღარიბების და ღატაკების პირდაპირ ხოცვაში გამოიხატება. ნაახალწლევს მოხუცი კაცი გაიყინა დელისის მეტროსთან და ეს ერთადერთი ეშმეთხვევა არ არის. საზოგადოება ამ საშინელი სულიერ სიდუხჭირიდან გამოსავალს ეძებს და ერთი ნაწილი მეორეს ადანაშაულებს, მეორე მესამეს და პასუხი კი არ ჩანს.
დღევანდელობის საშინელი სულიერი კრიზისი არახალია. მას უკვე დიდი ხანია ვიმკით. თანამედროვე ადამიანის სულიერ გამოფუტვაზე ბევრი დასავლელი და აღმოსავლელი ფილოსოფოსი და მოაზროვნე წერდა და წერს კიდეც. დღეს უკვე დიდი ხანია რაც ეგოცენტრიზმი და მხოლოდ საკუთარ თავაზე ზრუნვა ითვლება უალტენატივო 'წარმატების' გასაღებად. დღს მთელი სახელმძღვანელოები იქნება იმის შესახებ თუ როგორ ვიყოთ უფრო 'წარმატებული' ეგოისტები, როგორ მოვატყუოთ 'სხვები', როგორ 'გავიმარჯვოთ საყოველთაო კონკურენციაში' და რომ ეს ცხოვრება 'ყველას ომია ყველას წინააღმდეგ'. დიახ ამ ფსევდო-მეცნიერული მსოფლმხედველობით დიდი ხანია რაც მთელი მსოფლიო იწამლება - ეს ფილოსოფია არ-ახალია. 'რადგან ადამიანის ბუნება ბოროტია - ჩვენ გვჭირდება ყოვლისშემძლე ლევიათანის ხელი' - დიდი სახელმწიფო აპარატის, რომელიც თითქოს ჩვენს შორის ურთიერთობებს დაალაგებს და სინამდვილეში კი მხოლოდ მდიდრებს და პრივილეგირებულებს დაიცავს ჩაგრული ადამიანების სიმრავლისაგან.
განათლების სისტემაც სრულებით არა-ადექვატურია. როგორც დიდი ბრაზილიელი მეცნიერი პაოლო ფრეირე წერდა, დღეს მხოლოდ 'საბანკო განათლების მეთოდს' აღიარებს ისტაბლიშმენტური სამყარო, სადაც ადამიანს გარკვეულ დომინაციურ დოგმას ძალადობრივად შთააგონებს სისტემა და აიძულებს რომ მოერგოს ერთმანეთის ჭამის ცხოვრების წესს.
სინამდვილეში კი ყველაფრის საწყისი ის არის, რომ ადამიანებს აშინებენ საყოველთაო უკმარისობით - იმით რომ ტერიტორია, რესურსები და სიცოცხლეც კი არ არის საკმარისი დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისათვის და ის მხოლოდ 'გამარჯვებულების' პატარა ჯგუფს ერგება. ეს არის მთავარი მცდარი აზრი ამ ფსევდო-მეცნიერულ დასკვნებში. ეს არის ის ხელოვნური უკმარისობის ცნობიერება რომილითაც მოწამლულია როგორც ერი, ასევე ბერი. ადამიანის ცნობიერების მთლიანობა სწორედ ამ პრინციპის არასწორი და დოგმატური ჩადებით ირღვევა - და ის ხდება დაქუცმაცებული და შესაბამისად საზოგადოება ხდება დათითოკაცებული. და ამ დათითოკაცებულ საზოგადოებაში ძალიან მარტივია რომ ბანდიტების, ქურდების ჯგუფებმა ან ტრანს-ნაციონალურმა კორპორაციებმა დიდი მოგება ნახონ გაუბედურებული მილიარდობით ადამიანის ხარჯზე. ესეც დიდი ხანია რაც ხდება ჩვენს დედამიწაზე. მაგრამ, ადამიანებმა საოცარ პროგრესს მიაღწიეს ბუნებისმეცნიერებებში - დღეს კომუნიკაციების თეორია საოცრად წავიდა წინ. ჩვენ არნახული პროგრესი გვაქვს ტექნოლოგიებში - და თუნდაც 50 წლის წინ ამის წარმოდგენა რეალურად ჭირდა.
მაშ რატომ არ შეგვიძლია გადავძლიოთ იმ უკმარისობის შიშს, რომელიც გვაქცევს პატარა კაცუნებად - ჰაიდეგერის არარაობა 'მან'-ად ან შარლ ბოდლერის დასაცინ 'ბურჟუად' ანაც ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძედ? დიახ, ეს უკმარისობის შიში სრულიად ყალბი და ხელოვნურია. კაცობრიობამ დიდი ხანია დაამტკიცა რომ შიმშილით დღეს არავინ უნდა კვდებოდეს - და მიუხედავად ამისა ყოველდღიურად 22 ათას მარტო ბავშვს ვკლავთ ყოველდღიურად. რატომ ვართ ასე არასჭორად შეშინებულნი.
საკაცობრიო აზროვნების დიდი შეცდომა სწორედ ის არის რომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული და ჩვენს საუკუნემდე გაგრძელებული ხშირად და ძალიან ხშირად უარყოფილია ჩვენი ყოფიერების მეტაფიზიკური ნაწილი - ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც უტყუარად და ინტუიტურად გვეუბნება რომ რეალურად უსასრულო სამყაროში არ არსებობს არანაირი უკმარისობა და ის არც შეიძლება არსებობდეს. ადამიანის შემოქმედებითი ნიჭი იმხელაა, რომ ის უკმარისობის ყველა ბარიერს ანგრევს. შემოქმედი სამყაროს მთავარი ძალაა და ინსტიქტია, რომლის მთავარი დანიშნულებაც ის არის რომ სიცოცხლის და სამყაროს უკმარისობა გადალახოს ყველა მოცემულ ეტაპზე. ევოლუცია არის მუდმივად კრეატიული პროცესი - სწორედ ამ შემოქმედებითი ენერგიის წყალობით აღწევს კაცობრიობა ყველანაირ პროგრესს.
დღეს ამ სულიერ კრიზისშია როგორც ერი ასევე ბერი - კერძო საკუთრებას ეწაფება ყველა ვისაც უკმარისობის ეშინია, და ცდილობს ნივთებით ამოივსოს ის სიცარიელე, რომლიც გაღატაკებულ სულშია უკმარისობის მუდმივი შიშის ქვეშ. ეს უკმარისობის შიშია ჩვენი სულიერი სიღატაკის მთავარი მიზეზი.
სიკვდილის შიშის ძრწოლით ატანილი თანამედროვე ადამიანი სწორედაც რომ ამ ყალბი უკმარისობის შესახებ წარმოდგენის მონად იქცევა და ცდილობს მხოლოდ სხვებთან კონკურენციაში და ქიშპში გადაიტანოს საკუთარი ცხვრებისეული ენერგია. ჩვენი დღევანდელი წარმოდგენების სისტემა არ არის მრავალფეროვანი და მრავალხმიანი, ისევე როგორც ეს ჩვენს ტრადიციულ სიმღერებშია. პოლიფონიური სიმრერა სოწრედაც რომ სამყაროს უსასრულობის აფირმაციაა - იმის ინტუიტური მტკიცებულება რომ არანაირი უკმარისობა რეალურად ჩვენს სამყაროში არ არსებობს.
სიყვარულს სწორედ მრავალხმიანი სამყაროს შეგრძნება უდევს საფუძველში. და ეს სიყვარული შემოქმედების საფუძველია.
მხოლოდ მთლიანია ადამიანი - მრავალხმიანი ადამიანი შეძლებს რომ გადაძლიოს ბურჟუას არსების სინდრომს და მხოლოდ ის შეძლებს სამყაროში განხორციელებას სრულფასოვნად".
ირაკლი კაკაბაძე