ანტონ ვან დეიკი (1599, 22 მარტი - 1641, 9 დეკემბერი) - ფლამანდრიელი მხატვარი და გრაფიკოსია. სამეფო წევრებისა თუ დიდებულების ოჯახების პორტრეტების ოსტატი და რელიგიური სიუჟეტებისა, ბაროკოს სტილში.
ანტონი დაიბადა ანტვერპენში, მდიდარი ვაჭრის ოჯახში. 1609 წელს, ათი წლის ასაკში მიაბარეს ჰენდრიკ ვან ბალენს, მითოლოგიურ სიუჟეტებზე მომუშავე მხატვარს, აღსაზრდელად. პირველი შედევრი ანტონმა 14 წლის ასაკში დახატა - 70 წლის მოხუცის პორტრეტი. 1615 წ. ანტონს უკვე საკუთარი სახელოსნო აქვს, სადაც სხვა ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად შექმნა მოციქულთავთა სერია. ადრეულ ტილოს მიეკუთვნება მისი ავტოპორტრეტი, რომელიც დახვეწილობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. 1618-1620 წ.წ. ქმნის ქრისტესა და მოციქულების ამსახველ 13 ნამუშევარს. მოციქულების ექსპრესიული სახეები თავისუფალი მხატვრული მონასმებითაა დახატული. 1618 წ. ვან დეიკი მიღებულ იქნა წმიდა ლუკას მხატვართა გილდიაში, თანამშრომლობს რუბენსთან და მუშაობს მის სახელოსნოში, როგორც დამხმარე.
ვან დეიკი რელიგიური თემატიკოს ტილოებს ხშირად რამდენიმე ვარიანტად ქმნიდა. მაგალითად "იუდას კოცნა"; "წმ. მარტინი და გლახაკები". 1621 წლის დასაწყისში ინგლისის მეფის იაკობ I-ის კარზე მსახურობს, თუმცა მალევე ბრუნდება ანტვერპენში. ცხოვრობდა იტალიაშიც, გენუაში. 1632 წლიდან ლონდონში ცხოვრობს, ჩარლზ I-ის კარზე, სადაც თითქმის ათი წელი იმსახურა. ამავე წელს მეფემ მას რაინდის წოდება, ხოლო მომდევნო წელს სამეფო მხატვრის სტატუსი მიანიჭა. ინგლისშივე იქორწინა ლორდ რუტვენის ქალიშვილზე.
ვან დეიკის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ჩარლზ I-ის ცხენზე ამხედრებული პორტრეტი. მეფე ჩარლზი ინგლისელ მონარქებს შორის ყველაზე დიდი დამფასებელი და კოლექციონერი იყო მხატვრობის. კოლექციის ნაწილი უფროსმა ძმამ, ჰენრიმ უანდერძა, ნაწილი უცხოელი დესპანების მიერ იყო ნაჩუქარი, ხოლო უმეტესი ნაწილი თავად შეიძინა, რომლებშიც უამრავი ფული გადაიხადა. ჩარლზმა გონზაგოების ოჯახის კოლექცია, იმ დროისათვის გასაოცარ ფასად - 18 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. მის კოლექციაში შედიოდა რაფაელი, ტიციანი, კორეჯო და კარავაჯო. განსაკუთრებით უყვარდა ვან დეიკი და ეთაყვანებოდა მის შემოქმედებას. მან უყიდა ტემზის ნაპირებზე სახელოსნო, ხშირად აკითხავდი და ესწრებოდა ხატვის პროცესს. როდესაც ვან დეიკი 1641 წ. ავად გახდა, მეფემ კარის ექიმს, 300 ფუნტი სტერლინგი აღუთქვა, თუკი გადაარჩენდა მხატვარს. თუმცა ჩარლზის თვისებებში უარყოფითი შტრიხებიც იყო, მაგალითად, მას თითქმის ყოველთვის ავიწყდებოდა მხატვრისთვის საფასურის გადახდა.
ვან დეიკის სურათებში ხშირად ვაწყდებით ჩარლზის პორტრეტებს, სხვადასხვა პოზებში. ყველაზე ძლიერი მათ შორის, ცხენზე ამხედრებული მეფეა. სურათზე მეფე წარმოდგენილია როგორ მეომარი, ასევე როგორც ერის სულიერი ლიდერი. ანტიკურ ხანაში მოქანდაკეები და მხატვრები იმპერატორებს ცხენზე ამხედრებულს გამოსახავდნენ. ეს პოზა გამოიყენა ვან დეიკმაც, რომელსაც სურდა ხაზი გაესვა მეფის სიდიადისა და იმპერატორული ჰეროიზმისთვის. ცხენის ფიგურიანი სურათები მხატვრებთან იმ შემთხვევაში გვხვდება, როდესაც მათ სურთ გამოსახონ მეფე ან გმირი. ვან დეკი, ისევე როგორც მთელი რიგი მხატვრებისა, მოხიბლულია რომაელი იმპერატორის მარკუს ავრელიუსის ქანდაკებით და მისი შთაგონების წყაროა. აღორძინების ეპოქის მხატვრებიც მისი გავლენის ქვეშ იყვნენ, მათ შორის ტიციანი და მისი სურათი ჩარლზ მე-5-ზე, რომელიც ასევე დიდი მოამაგე იყო მხატვრობის. ამის გამო ორივე ტილოს შორის გასაოცარი კავშირები გაიბა და დღემდე ახდენენ მნახველზე შთაბეჭდილებას.
1630 წლისთვის ვან დეიკი ქმნის ცნობილი თანამედროვეების პორტრეტ-გრავიურებს, რომელსაც შემდგომ "იკონოგრაფია" ეწოდა. ცნობილი არაა, თუ სად შეისწავლა გრავირება, თუმცა ის ისეთივე ნიჭს ამჟღავნებს ნემსთან და ისეთივე თავისუფალი და დახვეწილია, როგორც ფანქართან და ფუნჯთან. მის "იკონოგრაფიების" სერიას, გრავიურების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ვან დეიკი პორტრეტების უმეტესობას პეიზაჟების ფონზე გამოსახავდა, შესაბამისად ამ სტილის ნახატებს ცალკეც ვხვდებით მასთან. ადრინდელი ნამუშევრები შემორჩენილი არ არის, თუმცა ინგლისში შესრულებული აკვარელისა და ფანქრის პეიზაჟები შემორჩა ისტორიას, რომელთაც მხატვარი თავისუფალ დროს ხატავდა, საკუთარი სიამოვნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბუნებას აკვარელით იშვიათად ხატავდნენ, ასე რომ სურათი "ინგლისის პეიზაჟი" (დაახ. 1635-41 ), შეიძლება ნოვატორულად ჩაითვალოს.
ვან დეიკი გარდაიცვლა ლონდონში, დაკრძალულია წმ. პავლეს ეკლესიაში, თუმცა დიდი ხანძრის შემდეგ საფლავი დაკარგულად ითვლება. ვან დეიკის საპატივსაცემოდ პლანეტა მერკურის ერთ-ერთ კრატერს მისი სახელი უწოდეს.
წყარო: popularpopcorn.blogspot.com