ეკა აბაშიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ენტონი ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით დოკუმენტაციის ნაწილი წარუდგინა. როგორც საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა აბაშიძემ "ამბები.გე"-ს განუცხადა, დღეს საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება გამოძიების ინიციატივით მოხდა.
მისივე თქმით, დოკუმენტაციას სრულად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ორშაბათს წარადგენს.
"თვითონ დამირეკეს და დაინტერესდნენ ამ ამბით. ინფორმაცია იგივე მოვუყევი მათ, რაც ჟურნალისტებთან მაქვს მოყოლილი. ორშაბათს სრულად წარვადგენ დოკუმენტაიას, რომ ეს ტილო ნამდვილად ჩვენს ოჯახში იყო და ჩვენი საკუთრება იყო. ორშაბათს მივიტან ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც ჰუსეინოვთან არის გაფორმებული. ასევე წარვადგენ საბუთებს, რომ მან იყიდა ნახატი და არ გადაიხადა თანხა სრულად. კიდევ მაქვს სურათები, სადაც დაფიქსირებულია, რომ დედაჩემის ოჯახში კიდია ეს სურათი ჩარჩოთი", - აღნიშნა ეკა აბაშიძემ.
მისივე ინფორმაციით, ზაჰის ჰუსეინოვთან, ვინც მისგან ვან დეიკის ტილო შეიძინა, თავდაპირველად სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა 2 წელია მასთან კონტაქტი შეწყვიტა. აბაშიძის თქმით, ზაჰის ჰუსეინოვს მასთან აღნიშნული ტილოს მოპარვის ან დაკარგვის შესახებ არ უსაუბრია.
"ალბათ გამოიკვლევენ რამდენად რეალობას საუბრობს ჰუსეინოვი. ჩვენთან მიმართებაში მე ვთვლი, რომ ჰუსეინოვმა ბევრი ტყუილი თქვა. მან სამართლებრივად სწორად შეიძინა ნახატი, თუმცა არ გადაიხადა თანხა. მართალია იყო ხაზზე, თუმცა მატყუებდა გამუდმებით. ახლახან გამახსენეს, რომ როდესაც მას მიუვიდა სასამართლო უწყება ოჯახში და მან ჩაიბარა გადაწყვეტილება, ჰუსეინმა დამირეკა მობილურზე და მითხრა, რატომ გავაკეთე ეს და რატომ ჩავრიე პოლიცია. ის იყო შეშფოთებული. ამის შემდეგ არანაირი კონტაქტი აღარ გვქონია. მას ჩემთან ტილოს მოპარვაზე არ უსაუბრია", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
ზაჰის ჰუსეინოვი აცხადებს, რომ თავდაპირველად სურათი სამსუნში, თავის მეგობართან დატოვეს, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ოჯახიდან ტილო მისი მეგობრის შვილმა მოიპარა. "ადგილობრივ პროკურატურაში ეს ფაქტი გავასაჩივრეთ, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. მეც დაზარალებული ვარ, რადგან სურათის საფასური ჩემთვის არავის გადაუხდია. ჩემთვის არც საგამოძიებო უწყებას და არც სხვა პირებს არ მოუმართავთ", - განუცხადა ჰუსეინოვმა "რუსთავი 2"-ს. სტამბოლში საქართველოდან კონტრაბანდული გზით გატანილი ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ნახატი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე 14-მილიონიანი ნახატი საქართველოში, სავარაუდოდ, რუსეთიდან შემოიტანეს, რუსეთში კი – ევროპიდან. თურქული მედიის ცნობით, ნახატის არალეგალურად გაყიდვას ორი ბიზნესმენი ცდილობდა, რომლებიც დაკავებულები არიან. ეკა აბაშიძის თქმით, ნახატი მისმა ძმამ გიორგი აბაშიძემ ვაკეში, ერთ-ერთ საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა. შემდეგ ოჯახმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა და შესაბამისი ხელშეკრულება მალხაზ მახარაძესა და ზაჰირ ჰუსეინოვთან გააფორმა, რომლებმაც შეთანხმებული 37 000 დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 7 000 დოლარი გადაუხადეს.
იხილეთ ასევე: 14 მილიონად შეფასებული ტილოს ქართული ისტორია - რას ყვება ქალი, რომლის მტკიცებით ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის საკუთრებაა