ე.წ.კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და ერთკვირიან ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უვადო შიმშილობის დაწყებით იმუქრება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზაუტაშვილის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პირველი მოთხოვნაა, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პასუხისგებაში მიეცეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, რაც ადვოკატის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ ელისაშვილი ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისგან ზეწოლაზეც საუბრობს.
რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მირიან ნიკოლაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს ელისაშვილის წინააღმდეგ, მისგან მთავარი პროკურორის მოადგილეზე, გიორგი გოგაძეზე ზეგავლენის მოხდენის მოტივით. "ელისაშვილი ამბობს, რომ შეხვდა მთავარი პროკურორის მოადგილეს და სთხოვა საქმეების ჩაწყობა. ეს იგივე დანაშაულია, რაზეც იგი საუბრობს პოლიტიკოსების მხრიდან", - განაცხადა ადვოკატმა.
მესამე მოთხოვნა კი, რაც ანასტასია ზაუტაშვილს გააჩნია არის ის, რომ პროკურატურამ დადოს შედეგები 4 განცხადებაზე, რომლითაც მსჯავრდებულმა პროკურატურას მიმართა და მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება მოითხოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
"კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი პირველად ალაპარაკდა