"მანანა კობახიძე ჩვენი ადვოკატი იყო და მას არასდროს უთხოვია ფული, არც შეგვითავაზებია არაფერი" - ამის შესახებ ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილმა ლაშა ორბელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ლაშა ორბელაძე კატეგორიულად უარყოფს მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მხრიდან დედის შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაზე არავისთან უსაუბრია.
"სისულელეა ეს ყველაფერი. არავისთან არაფერი არ მისაუბრია. რამდენიმე ხნის წინ დედაჩემის სახელით "ოდნოკლასნიკები" გახსნა ვიღაცამ და იქაც არის მიმოწერები. არ ვიცი რა ხდება. "ნაციონალები" აკეთებენ ამ ყველაფერს, სხვამ ვინ უნდა გააკეთოს", - განაცხადა ლაშა ორბელაძემ.
მან ასევე ისაუბრა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიმართ გავრცელებულ ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, "კოკაინის საქმეზე" დაუსწრებლად მსჯავრდებულმა ნუგზარ ბოჭორიშვილმა მათ 200 ათასი გადაუხადა ზაუტაშვილის შეწყალების სანაცვლოდ. "ნუგზარ ბოჭორიშვილი ჩემი ოჯახის წევრია. ქრთამის აღება და 200 ათასის გადახდა სისულელეა. ასეთი არაფერი ყოფილა. როდესაც მანანა კობახიძე ჩვენი ადვოკატი იყო, მას არც არასდროს უთხოვია ფული და არც შეგვითავაზებია არაფერი. ყოველთვის ვცდილობდით, რომ გამართლებულიყვნენ და ისე გამოსულიყვნენ დედაჩემი და სხვა ბრალდებულები. ფულზე არასდროს ყოფილა ლაპარაკი. შეწყალებაზე რამდენჯერმე შევიტანეთ განცხადება, მაგრამ უარი მოუვიდათ", - განაცხადა ლაშა ორბელაძემ.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს. როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციის საფუძველზე დეკემბერში პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. საქმე სწორედ პატიმრების შეწყალებას შეეხება.
ასევე წაიკითხეთ: