პოეტი რატი ამაღლობელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთ საპასუხო პოსტს აქვეყნებს:
"მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს,
ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები "შპარგელკების" გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.
როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის", - წერს პოეტი.
იხილეთ ასევე: როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს
"პატრიარქი გაიყინა..." - რატი ამაღლობელის ლექსს ფეისბუქზე რეზონანსი მოჰყვა