"დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" ჟანგბადის ბალიშია" - როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი პოლიტიკაში?!

"დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" ჟანგბადის ბალიშია" - როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი პოლიტიკაში?!

2015 წლის დასასრული პოლიტიკურად გადატვირთული აღმოჩნდა. პრემიერმინისტრობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებით, ეს იყო წასვლა წასვლისთვის, ანუ პოლიტიკური წარმატების ზენიტში ძალაუფლებაზე უარის თქმის მაგალითი, რამაც ჩვენში 25 წლის განმავლობაში დამკვიდრებული მავნე ტრადიცია გააქარწყლა. გასული წლის მიწურულის პოლიტიკურ პროცესებსა და 2016 წლის გამოწვევებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება:

- უპირველესად, ნება მიბოძეთ, ჩემი ფავორიტი გაზეთის შემოქმედებით ჯგუფსა და მკითხველს ახალი წლის დადგომა მივულოცო.

- გმადლობთ... დამეთანხმებით, 2015 წლის მიწურული პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური გამოდგა. პრემიერმინისტრობიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ უამრავი უპასუხო კითხვა გააჩინა. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ამ თემას ბიძინა ივანიშვილი მოჰფენდა ნათელს...

- კვლავინდებურად ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მან თქვა, რომ ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, რომელიც წარმატების ზენიტში ყოფნისას წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ დაამატა, რომ კმაყოფილი და ბედნიერია მისი წასვლით. ამ განცხადებებში ლოგიკის დანახვა ძალიან გამიჭირდა. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ამგვარი დემოკრატიული გადაწყვეტილებით ძველი ტრადიცია წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ მე მეეჭვება...

- ივანიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული არ წასულა; მას დიდი პოლიტიკური რესურსი აქვს, თუნდაც იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს და ქართულ პოლიტსივრცეში დაბრუნდეს...

- ეს მხოლოდ ღარიბაშვილის დასამშვიდებლად ნათქვამი მგონია. ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ვერ წარმომიდგენია. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში არაფერია გამორიცხული, მათ შორის არც ის, რომ ღარიბაშვილმა პარტია შექმნას და პოლიტიკაში დაბრუნდეს. თუმცა ამისთვის, ალბათ საჭიროა, რომ ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდეს. ვნახოთ, 2016 წელს შესაძლოა, არაერთი პოლიტიკური სიურპრიზი ვიხილოთ... იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი შეძლებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს შემდეგ, ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. სამწუხაროდ, ცხადად დავინახე, რომ ის არ აპირებს საკუთარი ზეგავლენისგან ხელისუფ­ლების გათავისუფლებას. კი აცხადებს, რომ არც ღარიბაშვილის მმართველობისას ერეოდა ქვეყნის მართვაში და მხოლოდ კონსულტაციებს სჯერდებოდა, მაგრამ ეს კონსულტაცია ხშირად ბრძანებად აღიქმება... არ არის ჩვენი საზოგადოება ისეთი განუვითარებელი, რომ საკუთარი სურვილით გადადგომა დაიჯეროს პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც ისიც კი ვერ გადაწყვიტა, რომელ საათზე განეცხადებინა წასვლის თაობაზე, თუმცა, ვისაც თავის მოტყუება სურს, მისი ნებაა...

ვფიქრობ, ეს ცვლილება მხოლოდ მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილს ეს ნაბიჯი ადრე რომ გადაედგა, ქვეყნის წინაშე დღეს ნაკლები გამოწვევა იქნებოდა. მინდა, მჯეროდეს, რომ ეს არ იქნება გადანაცვლება, რომელიც ჯამს არ შეცვლის. ჩვენ დღეს გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნდობას უდავოდ იმსახურებს. ის თავის დროზე პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელიც იყო, პარლამენტის წევრიც, ეკონომიკის მინისტრიც, საგარეო საქმეთა მინისტრიც, ბანკირიც... ერთი სიტყვით, დღეს გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" "ჟანგბადის ბალიშია". თუ იცის "ქართულმა ოცნებამ", "ჟანგბადის ბალიში" როგორ გამოიყენოს, წინასაარჩევნოდ სუნთქვა ნამდვილად გაუადვილდება.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."