ახალი წლის ღამეს ფოიერვერკზე უარს, რა თქმა უნდა, არავინ ამბობს. ბევრი 31 დეკემბრის ღამის 12 საათამდე ვერც ითმენს და მანამდე, ხშირად რამდენიმე დღით ადრეც იწყება აფეთქებები. თუმცა ფოიერვერკების კასკადი სწორედ 31-ში, ღამის 12-ზე იწყება და მანამდე, 31 დეკემბრის საღამოს ბევრს უტრიალებს თავში კითხვა - სად დავაყენო ავტომობილი?
მართალია, ავტომობილს ვერცერთი საახალწლო ფოიერვერკი ვერ ააფეთქებს (მანქანის ქვეშაც რომ შევარდეს, საწვავის ავზს ვერაფერს ავნებს), მაგრამ საღებავის დაზიანება კი შეუძლია და, თანაც, სერიოზულად. ამიტომაცაა აქტუალური კითხვა, თუ სად უნდა დავაყენოთ ავტომობილი ახალი წლის ღამეს.
თბილისში პარკინგი ისედაც ჭირს და თუ საკუთარი ავტოფარეხი არ გვაქვს, მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ სხვა რა გზაა - უნდა ვეძებოთ. თუ ფარეხი არ გაქვთ, შეეცადეთ, ავტომობილი ხის ქვეშ მაინც დააყენოთ.