13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ზიანი აუნაზღაურდებათ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე გუშინ მიიღეს. სხდომაზე საკითხი თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმოადგინა. საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ზიანი აუნაზღაურდებათ იმ ავტომობილის მძღოლებს, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ავტომობილები დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ.
"მანქანები დაიყო ორ კატეგორიად - დაზიანებულ და განადგურებულ მანქანებად და მათი ანაზღაურება-შეფასების მექანიზმებზე, პრინციპებზეა ამ წესში საუბარი. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის მანქანა 5 000 დოლარამდე ეკვივალენტის ფარგლებში იყო ლარში და განადგურდა, ანაზღაურდება 100%-ით, ხოლო იმ ავტომობილების მფლობელებს, რომელთა მანქანების ღირებულება 5 000 დოლარის ზემოთ ეკვივალენტით იყო ლარებში, აუნაზღაურდებათ 70%-ით ფარგლებში", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, კომპენსაციების გაცემა 2016 წლიდან დაიწყება. დღეისთვის სულ სტიქიის შედეგად დაზარალებული 101 ავტომობილის მფლობელია აღრიცხული. სხდომაზე საკითხს დეპუტატებმა დადებითი შეფასება მისცეს.