გიორგი მარგველაშვილის ცოლის ძმის შეწყალების საქმე ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობის დროს არ განუხილავთ - ამის შესახებ განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიას ბრალდებების პასუხად გააკეთა. ელისაშვილი საკითხის შესწავლას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ითხოვს. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეწყალების კომისიაში, პრეზიდენტის არც ერთი ნათესავის, მათ შორის ცოლის ძმის საქმე არ განმიხილავს"
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაზეთ "პრაიმ თაიმთან" საუბარში განაცხადა, რომ დაინტერესდება, როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმის გათავისუფლება. "ჰქონდა თუ არა ადგილი ზეგავლენით ვაჭრობას. სხვა ფაქტებსაც აუცილებლად გამოვიკვლევ. ეს კომისია არავის პირადი კანტორა არ არის და არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტის ან ელისაშვილის პირადი სივრცეა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაკა ჩიჩუას ძმა, საკმაოდ მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული მიხელ ჩიჩუა პრეზიდენტ მარგველაშვილის მფარველობით ციხიდან გათავისუფლდა. ერთი ვერსიით, ის მარგველაშვილმა შეიწყალა. მეორე ვერსიით კი, მას, პრეზიდენტის მეცადინეობით, ვადაზე ბევრად ადრე დაატოვებინეს ციხე.