29 დეკემბერი ქართული ფეხბურთის ნგრევის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თარიღად ჩაიწერება. სამწუხაროდ, საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" გადარჩენის იმედი არ გამართლდა: გუშინ, 29 დეკემბერს, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედნებს სამშენებლო ტექნიკით მიადგნენ და გადაუარეს...
არადა, საფეხბურთო საზოგადოების მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციით მოედნების განადგურების შეჩერების რწმენა გაჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ შეისყიდა, რომლის ხელმძღვანელობამ "ოლიმპის" წარმომადგენლებს მისცა პირობა, რომ ორი წლის განმავლობაში იქაურობას არ შეეხებოდნენ. ისინი მზად იყვნენ, მოლაპარაკება დაეწყოთ ალტერნატიულ ტერიტორიაზე, მაგრამ... რეალური არაფერი შესთავაზეს და მოედნების ადგილზე კორპუსების აშენება გადაწყვიტეს. ორიოდე დღის წინათ, უეფას მედია-ოფიცერი მამუკა კვარაცხელია დაიმედებული იყო, რადგან თბილისის საკრებულოში უთხრეს, რომ მერიაში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზება სურდათ. კვარაცხელიამ და "ოლიმპის" მესვეურებმა იცოდნენ, რომ მშენებლობა ივნისამდე არ დაიწყებოდა, ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემაზე მოლაპარაკება კი ამის მერეღა განახლდებოდა. რა მოხდა ამ ორ დღეში, უცნობია. ფაქტი ისაა, რომ გუშინ საფეხბურთო კომპლექსიდან ნანგრევებიღა დარჩა...