"ჯანმრთელი ლარი", "იბიარდი", "შოკუნიები"... - 2015 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები პოლიტიკოსებისგან

"ჯანმრთელი ლარი", "იბიარდი", "შოკუნიები"... - 2015 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზები პოლიტიკოსებისგან

2015 წელი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, დახუნძლული იყო პოლიტიკოსთა ისეთი გამონათქვამებით, რომელიც იუმორისტულ შოუს უფრო მოუხდებოდა, ვიდრე დიდ პოლიტიკას. გამონათქვამებში პირველობას არავის უთმობს სოსო ჯაჭვლიანი და მისი "იბიარდი". წელი ისე სრულდება, რომ მაინც ვერავინ გაიგო, რას გულისხმობდა ბატონი სოსო ამ ფრაზაში.

წლის დასაწყისში ძალიან პოპულარული გახდა ნიკა მელიას მიერ ეკა ბესელიას ფეხსაცმელზე გამოთქმული შეფასება, მან დეპუტატის თეთრ ჩექმას - "ბესელკები" უწოდა. ამის შემდეგ ეს ტერმინი ათასგვარი ინტერპრეტაციით მთელი წლის განმავლობაში ტრიალებდა და სავარაუდოდ კარგა ხანს კიდევ არ დაკარგავს აქტუალობას.

2015 წელს ლარი პერმანენტულად უფასურდებოდა, ამ ფაქტს უამრავი სასაცილო თუ სატირალი გამოთქმა უკავშირდება, თუმცა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადება ერთადერთია, რომელიც ალბათ დროს გაუძლებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა: "ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად". ლარის კურსის ხსენებაზე, შეუძლებელია არ გაგახსენდეთ ნოდარ ხადურის ფრაზა. ფინანსთა მინისტრმა "პალიტრა TV"-ის ეთერში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ "შიდა შოკები არ გვაქვს, გვაქვს პატარა "შოკუნიები".

2015 წლის კაცი-გამონათქვამი თამაზ მეჭიაურია, მისი ყოველი ინტერვიუ დახუნძლულია ფრთიანი ფრაზებით. პარლამენტის საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ კომენტარში, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით თქვა: "ამჟამად შვებულებაში ვარ და რა სჭირს ლარს ვერ გეტყვით". მასვე ეკუთვნის გამოთქმა: "მე ბუნებით მაჟორიტარი ვარ". ბატონმა მეჭიაურმა პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლის დროს, ექს-პრემიერ "ცოდვები" გაუხსენა და თქვა: "ბიძინამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მარგველაშვილს საქსოვი ჩხირები გამოართვა და სანაცვლოდ ვეტოს უფლება მისცაო".

2015 წელს ფორმაში იყო ზურაბ ტყემალაძეც, რომელმაც ჯერ თქვა, პენსიონერებს 10 ლარი რომ მოვუმატეთ, დაცინვა ნამდვილად არ არისო, "160 ლარი კი არ უნდა მეყოს, მე უნდა ვეყო 160 ლარსო". ამას არ დაჯერდა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებით აღშფოთებული საზოგადოება დაამშვიდა - "როგორ გგონიათ, გაზს რა უნდა მოჰყვეს მილში? გგონიათ, რომ რაღაც ბომბი გამოცურდება და ბომბი მოვა? რა თქმა უნდა, არა!".

თანაპარტიელს მთელი წლის განმავლობაში ტოლს არ უდებდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ლიდერი გოგი თოფაძე, რომელმაც ჯერ იყო და ერის მამრი ნაწილი გააფრთხილა, თურქეთიდან შემოტანილ წიწილას ნუ შეჭამთ, გვაფრთხილებენ მამაკაცებს, იმპოტენციას იწვევსო, "საკონტროლო გასროლა" კი სექტემბერში გააკეთა, როდესაც ერს გულის ნადები გაუმხილა: "სტალინის სურათი მალე ყველა კაბინეტში დაიკიდებაო". სხვათა შორის, მისი ფრაზები ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილმა: "გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები, მაგრამ კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთო".

ხელისუფლებას არც ოპოზიციის წარმომადგენლები ჩამორჩებოდნენ. ირმა ინაშვილმა, ჯერ წლის დასაწყისში ადინა ერს ცრემლი, როცა "ფეისბუქიდან" უამბო, როგორ დაბანა ფეხი ოფისის კარისკაცს, ოქტომბერში კი, საგარეჯოს არჩევნებში დამარცხების შემდეგ "მადლიანმა ქალმა" ასე გამოუცხადა უნდობლობა შედეგებს: "იორმუღანლოში, ქორწილში 500 კაცი მიკრავდა ტაშს და აქ 200 ხმა როგორ ავიღეო". კახეთზე საუბრისას, არ შეიძლება არ გავიხსენოთ გურჯაანის საკრებულოს წევრის ზაქარია ქაჩლიშვილის განმარტება პრემიებთან დაკავშირებით: "პრემიები ნაკურთხი იყოო".

პოლიტიკოსების ფრაზეოლოგიაში სრულიად ახალი სიტყვა შემოიტანა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. უკრაინულ საიტზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში, რომელშიც ოდესის გუბერნატორი სოფო ნიჟარაძეს ესაუბრებოდა, სააკაშვილმა წარმოთქვა ფრაზა: "[მანდ სისხლის ღვრა იქნება] "სტოპრო" იქნება ქინძი ვიყო". "ქინძი" დიდხანს იქნებოდა პოპულარული, რომ არა კიდევ ერთი "ფლორისტული" ტერმინი, ამჯერად ქალაქის მერისგან. დავით ნარმანიამ ერთი წლის შედეგების შეჯამებისას საზოგადოებას განუცხადა, რომ დაპირებული 1 000 000 ხიდან, დედაქალაქში უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.

სანამ თბილისის მოსახლეობა სწუხს, რომ "ქალაქს დედა არ ჰყავს", საკუთარი დედის არსებობას მესამე ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ. "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის თამაზ ურთმელიძის ფრაზა, რომ "დედა ოჯახის წევრი არ არის" კიდევ დიდხანს დარჩება საქალაქო სასამართლოს კედლებში და მსმენელის მეხსიერებაში.

ეს "მარგალიტები" მხოლოდ მცირე ჩამონათალია იმისა, რაც ჩვენ მეხსიერებას პოლიტიკოსების 2015 წლის ფრაზეოლოგიიდან შემორჩა. დიდი ალბათობით არც 2016 წელს მოგაწყენენ ჩვენი "პოლიტიკის გურუები". ბედნიერ და მხიარულ 2016 წელს გისურვებთ!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."