ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარე ელენე ხოშტარია ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტის სახელზე მიმართვა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩააბარა.
"ჩვენ განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა. გვსურს გაგაცნოთ რიგი მოსაზრებები, რაც კითხვებს გვიჩენს საქმის მიუკერძოებლობაზე და რის საფუძველზეც მისი პატიმრობაში ყოფნა სასჯელის გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომად მიგვაჩნია. საზოგადოების წარმომადგენლების ნაწილმა პრეზიდენტს გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით მიმართა
მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე არაერთგზის დაირღვა როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული საერთაშირისო აქტებით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ქალაქის მერად პირდაპირი წესით არჩეული გიორგი უგულავა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე შუაღამისას თანამდებობიდან სასამართლომ გადააყენა, შემდეგ კი მთავრობის მიერ გამოცხადებული საარჩევნო მორატორიუმის პერიოდში დაკავებული იქნა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მან 1 წელი და 3 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა. გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნულ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა ხელისუფლების მიერ სასამართლო პროცესში ჩარევის შესახებ. ნათელი იყო ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების, შემდეგ კი მისი აღსრულების გაჭიანურების მცდელობა. მეორეს მხრივ, დაჩქარებული წესით წარიმართა საქალაქო სასამართლოს პროცესი.
მოსამართლემ 80 ტომიან საქმეზე, რომელზეც 120-მდე მოწმე დაიკითხა, ბრალდებულ გიორგი უგულავასთვის საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად დროის მიუცემლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სათათბირო ოთახში გასვლიდან 4 საათში, ღამის 10 საათის შემდეგ. შედეგად, გიორგი უგულავა მხოლოდ 23 საათი იყო გათავისუფლებული. შთაბეჭდილება გვრჩება, ხელისუფლება არა კანონის უზენაესობის, არამედ გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვების ინტერესით ხელმძღვანელობდა", - ნათქვამია მიმართვაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ყურადსაღებია ევროპული სასამართლო პრაქტიკა, სადაც ანალოგიურ საქმეებზე პატიმრობის გამოყენება არ ხდება. მაგალითად მოყვანილია ბორდოს ყოფილი მერის ალან ჟუპეს საქმე, რომელსაც ანალოგიური ბრალდებისას პირობითი სასჯელი წელიწად-ნახევრის ვადით შეეფარდა.
"მიგვაჩნია, რომ გიგი უგულავას პატიმრობიდან გამოშვება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისაგან და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არაერთგზის გაკეთებულა განცხადება მისი პატიმრობის პოლიტიკური ხასიათისა და დარღვევების შესახებ. გარდა ცალკეული განცხადებებისა, აღსანიშნავია, რომ უგულავას საქმეზე საუბარია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ წლიურ ანგარიშში, ევროპარლამენტში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასა და ეუთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში, რომელშიც საუბარია გიგი უგულავას პატიმრობის არაჰუმანურ პირობებზე და ხასიათდება, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი. გააგრძელებს თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკურ მოღვაწეობას, ჩვენი ზრუნვის საგანი ვერ იქნება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მის გათავისუფლებას პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზე. თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა დგახართ. მიგვაჩნია, რომ უნდა გამოიყენოთ თქვენთვის კანონით მინიჭებული შეწყალების, როგორც ჰუმანური აქტის, უფლება და შეიწყალოთ გიგი უგულავა", - ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს წერენ: გიორგი ხოშტარია, ნანი ბრეგვაძე, მანანა დოიჯაშვილი, ზურაბ კიკნაძე, გელა ჩარკვიანი, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ზაალ კოკაია, მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, დათო საყვარელიძე, რატი ამაღლობელი, ქეთი ხუციშვილი, თამარ გურჩიანი, თამარ (თათა) ცოფურაშვილი, თიკო ცომაია, ნინო ევგენიძე, ბაია პატარაია, ნინია კაკაბაძე, ელენე ხოშტარია, ნინო დანელია, ნინო კიკნაძე, გიორგი მაისურაძე, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, მარიკო კვალიაშვილი, მაყვალა გონაშვილი, ოლეგ ხუბაშვილი, გია ნოდია, ირინა პოპიაშვილი, ნინო ზამბახიძე, ეკა მამალაძე, ნიკა მემანიშვილი, დავით დოიაშვილი, ნინო კირთაძე, გუგა კოტეტიშვილი, მაცაცო სეფისკვერაძე, ბაკურ სულაკაური, გოგი-ალექსი მესხიშვილი, თამარ ჩხეიძე, ლია ლორია, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მიხეილ შენგელია, ეთერ ჭკადუა, ლევან ადამია, ნინია ახვლედიანი, ეთერ (ბაია) გადაბაძე, ლაშა ბაქრაძე, ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, რეზი არველაძე, არჩილ არველაძე, შოთა არველაძე.
გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.