24 წლის ნოდარ ტოხოსაშვილი სამი წელია, რაც უკანა ფშავში, სოფელ ვაკის სოფელში (ზღვის დონიდან 1500 მეტრი) დედასთან ერთად მეურნეობას მისდევს. დედა-შვილი გაზაფხულზე, ფშავის ბოლო და უმაღლესი წერტილისკენ, ბორბალოს მთის მიმართულებით მიდიან, სადაც შემოდგომამდე რჩებიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მოჰყავთ ბოსტნეული, აწარმოებენ თაფლს და მესაქონლეობას მისდევენ. "რასაც მე ვაკეთებ, ეს არის საშუალება, ოჯახი არჩინო და სხვას არ უყურო ხელებში, ტყუილად არ მოცდე და იმუშაო ისე, როგორც შესაძლებელი იქნება", - ამბობს ნოდარი, რომელსაც ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფერმერად დაასახელა. წლეულს დავით აღმაშენებლის აკადემიის სტუდენტი გახდა, სასწავლებლის რექტორმა სწავლის გადასახადი მოუხსნა. ახალგაზრდა ფერმერი აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს: ჩაის, დამბალხაჭოს, რძის პროდუქტებს, თაფლს, მოჰყავს ბოსტნეული.
- ახლა ჩვენს სოფელში წასვლა შეუძლებელია, გზა მოყინულია. თოვლი თვეობით დევს და მარტის ბოლოს დნება. ამიტომ ზამთარს ბარში ვატარებ, თუმცა 7-8 წლამდე იმ სოფელში ვცხოვრობდი. სკოლა 14 კილომეტრშია, რის გამოც პირველ კლასში ვერ წავედი, სამაგიეროდ, დედას სახელმძღვანელოები ჰქონდა და თვითონ მამეცადინებდა. მისი დახმარებით გავიარე პირველი კლასის პროგრამა. ალბათ, სკოლა რომ არა, მთიდან ბარში არც ჩამოვიდოდით. დუშეთში დავიწყე სწავლა. თუმცა გაზაფხულზე სოფელში მივდიოდით და მეურნეობას ვიწყებდით. იქიდან შემოდგომაზე ვბრუნდებოდით და ჩვენი მოწეული დოვლათი ჩამოგვქონდა. ასე გადიოდა წლები, დავამთავრე სკოლა, სასულიერო სემინარიაში ერთ წელიწადს ვისწავლე, მაგრამ ისე მოხდა, რომ სწავლას თავი დავანებე. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრე, მაგრამ მალევე უკან დავბრუნდი, თუმცა გერმანიამ ცხოვრება სხვაგვარად დამანახა: ვნახე გამართული სოფლები, აწყობილი აგროსექტორი, მშრომელი ადამიანები. რატომ არ შეიძლება ისევე ვიცხოვროთ, როგორც იქ ცხოვრობენ?! ამიტომაც წამოვიწყე მეურნეობა.
- საქონელი ბევრი გყავთ?
- საქონელს ვქირაობთ მათგან, ვინც ვერ უვლის. პირუტყვს ვიბარებთ, ვინახავთ, ვუვლით, შემოდგომით კი უკან ვუბრუნებთ. რძის პროდუქტების ნახევარი ჩვენია და ნახევარი მათი. მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვაწარმოებ.