თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარეს ირაკლი აბესაძეს დაუპირისპირდა. თბილისის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარეები თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს და დავით ნარმანიას გამოსვლას აფასებენ. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დავით ნარმანია გააკრიტიკა და ის პრობლემები ჩამოთვალა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. ირაკლი აბესაძემ დავით ნარმანიას უავტორიტეტო უწოდა, რასაც ხმაური და მაგიდაზე ბრაგუნი მოჰყვა. ირაკლი აბესაძეს უმრავლესობის წევრებმა საუბარი შეაწყვეტინეს, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა, გამოსვლა შეეწყვიტა.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძემ კი დედაქალაქის მერს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გაკეთებული განცხადება შეახსენა "ნაცუკანების" შესახებ. "როდესაც მერი ნაცუკანებზე საუბრობს, ჩვენც შეგვიძლია, "ქოცუკანებზე" ვისაუბროთ, მაგრამ ჩემს ოჯახიშვილობას ეს არ შეეფერება", - აღნიშნა საუბრისას სევდია უგრეხელიძემ. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან მასში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის.