საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.
"შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ კვირიკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე პარლამენტი დაამტკიცებს. მანამდე კი იმის შესახებ, თუ რა ქონებას ფლობს გიორგი კვირიკაშვილი, თავშივე გეტყვით, რომ მომავალ პრემიერს ჰყავს მეუღლე მაია ცინაძე და ოთხი შვილი - ანა, ნინო, გიორგი და ნიკოლოზ კვირიკაშვილები.
გიორგი კვირიკაშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის 8 იანვარს აქვს შევსებული ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო.
საგარეო საქმეთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული 2 საცხოვრებელი სახლი - თბილისში ზოვრეთის ქუჩაზე 190.00 კვ.მ და დუშეთის რაიონში, 250.00 კვ.მ ფართობის სახლები. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 34.00 კვ.მ ფართობის ბინა. კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული 2 მიწის ნაკვეთი - დუშეთის რაიონში 3450.00 კვ.მ ფართობის და თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 432.00 კვ.მ ფართობის.
What is the property of the future Prime-Minister of Georgia, Giorgi Kvirikashvili