შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლები

შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლები

ფერაძის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 25 წლის მაგდა პაპიძე ქმრისა და ერთადერთი 5 წლის ვაჟის მკვლელობაშია ბრალდებული. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

წაიკითხეთ: რას ჰყვება მაგდა პაპიძე მკვლელობის ღამის შესახებ - ჩვენების დეტალები

AMBEBI.GE გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უმძიმესი სურათი დაგვხვდა. მამა-შვილის ცხედრები ერთ პატარა ოთახშია დასვენებული, იმავე ოთახში, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი ქაფიაშვილი და უმცროსი ძმა მალხაზ ქაფიაშვილი ტრაგედიაზე არ საუბრობენ. როგორც ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ, ომარ ქაფიაშვილს სავარაუდოდ, ძილის წამალი ჰქონდა მიღებული. მათი ვარაუდით, მაგდა პაპიძემ ქმარი დააძინა და ამის შემდეგ ჩაარტყა თავში ჩაქუჩი.

ქაფიაშვილების ახლობლები ტრაგედიის საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, სახლში გასისხლიანებული კედლებისა და იატაკის გაწმენდის შემდეგ, პაპიძემ მეუღლის გვამის გადაგდება სცადა. სადარბაზოსთან მანქანა მიიყვანა და ცდილობდა მოკლული ქმრის ცხედარი ავტომობილის საბარგულში ჩაესვენებინა, რა დროსაც მეზობელმა დაინახა და ამის შემდეგ დაიწყო კივილი. რაც შეეხება 5 წლის თორნიკეს, ახლობლების თქმით, ის დედას სავარაუდოდ, გაჩუმების დროს შემოაკვდა. ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც ბრალდებულს ყველაფრის განხორციელებაში დაეხმარა.

წაიკითხეთ: მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა

ომარ ქაფიაშვილის დედა, ლილი ქაფიაშვილი ამბობს, რომ ის რძალმა მოატყუა. როდესაც დედამთილმა შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, მაგდა პაპიძემ უთხრა, რომ ისინი ხაჭაპურის საჭმელად იყვნენ წასული, ამ დროს კი ორივე გარდაცვლილი იყო სახლში და მათი ცხედრების სახლიდან გატანა ქალმა ღამის ოთხი საათისთვის, ყველასაგან მალულად სცადა. ქაფიაშვილების მეზობლების თქმით, რძალსა და დედამთილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ლილი ქაფიაშვილი მუშაობს და მაგდა პაპიძეს პატარა თორნიკეს აღზრდაშიც ძალიან ეხმარებოდა. კარგ დედად ახასიათებენ მეზობლები თავად მაგდა პაპიძესაც.

"ლილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა უბედურება დაატყდა თავს, შოკშია, რამდენჯერაც წაიყვანეს პოლიციაში, უკან მოჰყავთ. ზოგჯერ ჰგონია, რომ ომარი ცოცხალია და პოლიციელებს ეკითხება, სად არის, ომარი მომიყვანეთ, მაგდას კი ინსულინის ნემსი მიუტანეთ, ცუდად არისო", - აცხადებენ მეზობლები.

როგორც AMBEBI.GE-მ მეზობლებთან საუბრებიდან გაარკვია, გარდაცვლილი მამა-შვილის პანაშვიდზე მხოლოდ მაგდა პაპიძის და, ლანა იმყოფებოდა, რომელმაც დის ტანსაცმელი და ის ნივთები წამოიღო სახლიდან, რომელიც მისი შეძენილი იყო. ლანა პაპიძემ ასევე წაიღო ომარ ქაფიაშვილის ტანსაცმელიც, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ამ ტანსაცმელში მაგდა პაპიძე რაღაცას მალავდა. ოჯახის ახლობლები ასევე ფიქრობენ, რომ მაგდა პაპიძეს რომელიმე სექტასთან ჰქონდა ურთიერთობა და ქმარ-შვილი სექტას მსხვერპლად შესწირა.

ომარ ქაფიაშვილი წლების მანძილზე საკონტრაქტო სამსახურში მუშაობდა. ბოლოს შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იმყოფებოდა. "ამბები.გე" ომარ ქაფიაშვილის ხელმძღვანელს, ბაგრატ კასრაძეს გაესაუბრა: "ძალიან კარგი ბიჭი იყო, მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. ორი თვის წინ გადმოვიდა ჩვენს დანაყოფში. დიდ პატივს სცემდა მეუღლეს, კარგი მამა იყო. შოკისმომგვრელი ამბავი იყო ეს ჩვენთვის, ძალიან უყვარდა მეუღლე და რატომ მოხდა ეს, არ ვიცი. სამ დღეში ერთხელ უწევდა ჩვენთან 24-საათიანი მუშაობა".

ომარ ქაფიაშვილმა და მაგდა პაპიძემ ერთმანეთი 6 წლის წინ სასოფლო უნივერსიტეტში გაიცნეს, შემდეგ დაქორწინდნენ. ომარის მეგობრის თქმით, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, წყვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. "ახლა გავიგეთ, რომ კონფლიქტები ჰქონდათ ოჯახში. ომარის მაგდა ძალიან უყვარდა, გიჟდებოდა. მაგდაც არაჩვეულებრივი დედა იყო ბავშვისთვის. ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცნეს, მაგდა გორელია, მამა არ ჰყავს. სულ საკონტრაქტო სამსახურში იყო ომარი, როგორ უნდა ყოფილიყო ლოთი ან პათოლოგი, როგორც ამას მაგდა ამბობს? ყველანაირ შემოწმებას გავდივართ საკონტრაქტო სამსახურში მიღების დროს და თუ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს, არავინ მიგიღებს. ომარის მაგდა ისე ძალიან უყვარდა, ყველაფერს პატიობდა. "კარფურში" და უბნის ერთ მაღაზიაში მუშაობდა მაგდა, მაგრამ ცოტა ხელცივი გოგო იყო, რაღაცეების მოპარვა უყვარდა და ამის გამო გამოუშვეს ორივე სამსახურიდან. რაც შეეხება ომარის ვალებს, 2500 ლარი ჰქონდა ხელფასი, კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით და არასდროს უთქვამს, რომ ვალები აქვს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაეკეთებინა მაგდას ეს? რომ ამბობს, თითქოს, ომარი პათოლოგი იყო და მასთან დარეკვა გვიანობამდე ამის გამო ვერ გაბედა, ტყუილია, მაგდა ძალიან თამამი გოგოა და ის თავს არავის დააჩაგვრინებდა".

როგორც ქაფიაშვილების მეზობლებმა გვითხრეს, მაგდა პაპიძეს სასიყვარულო ურთიერთობა მათივე უბნელთან, ოთარ ბერძენიშვილთან ჰქონდა, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა "მეგობარ მამაკაცად" დაასახელა. ბერძენიშვილმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. მეზობლები ბერძენიშვილს კარგად ახასიათებენ და შიშობენ, მაგდა პაპიძემ იგი "უბედურებაში არ ჩაითრიოს". ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით ოთარ ბერძენიშვილს, თუმცა ის სახლში არ დაგვხვდა. გავარკვიეთ, რომ ისიც სასოფლო უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი და მაგდა პაპიძის ურთიერთობა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთი წლის წინ დაიწყო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია