მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში შვილისა და ყოფილი მეუღლის შესახებ ისაუბრა:
- ოჯახის ხელმეორედ შექმნაზე არ ფიქრობთ?
- რატომაც არა, მაგრამ ჯერ ადრეა. მთელი 6 წელი შევალიე ჩემს ყოფილ მეუღლეს. ძალიან პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი და მინდა, ახალგაზრდობის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო როგორც თავისუფლების, ასევე კარიერის თვალსაზრისით. ყველაფერი თავის ადგილას რომ დალაგდება, ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქრებ. ფლირტი, გაპრანჭვა ყოველთვის არის ჩემს ცხოვრებაში.
- მარტოხელა დედობას მიეჩვიეთ?
- რაც ნინა გაჩნდა, მას მერე მარტოხელა დედა ვარ და არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვრო. რაც ნინა დაიბადა, მე და ბექას ერთი დღეც არ გვიცხოვრია ერთად. ასე რომ, არ ვიცი, რა არის ეს. ნინასთვის დედაც მე ვარ და მამაც. ბაღში უთხრეს, შენი ოჯახი დახატეო და მხოლო მე დამხატა. ეგოისტურად გამომდის, მაგრამ მიხარია, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ და ხედავს, რომ მე ვარ მისი ოჯახი.
- ბავშვს მამასთან არ აქვს ურთიერთობა?
- არანაირი, რადგან ბექას ახალი ოჯახი ჰყავს და ნინასაგან შორს არის, მოსკოვში ცხოვრობს. ნინასთვის ვერ იცლის, მეორე შვილს ელოდება.
- გექნებათ სურვილი, რომ ნინას ბექას მეორე შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს?
- რა თქმა უნდა, დები იქნებიან, უნდა იმეგობრონ და ერთმანეთთან კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, თუმცა არ ვიცი, ეს რანაირად მოხერხდება.
- თქვენი მომავალი ქმარი როგორი წარმოგიდგენიათ?
- ეს რთული საკითხია ჩემთვის. მეშინია, რომ ზედმეტად არარეალურ ადამიანს ვეძებ. მეშინია, ოცნებებში არ გადავვარდე. ჩემი მომავალი ქმარი, პირველ რიგში, ნინას უნდა უყვარდეს, რადგან ის არის ჩემთვის ყველაფერი. ასევე, ჩემს ქმარს ჩემი პროფესიაც უნდა უყვარდეს.
შეიძლება ერთ დღეს მაღალი, ქერა ბიჭი მომეწონოს, მეორე დღეს - დაბალი და შავგვრემანი. მოკლედ, უნდა იყოს კარგი ტიპი, რეალიზებული, საქმიანი და, რაც მთავარია, მექალთანე არ უნდა იყოს.
ჩემი ასაკის ადამიანისთვის წარმოუდგენლად ძლიერი ვარ. დიდი გამოცდილება მივიღე როგორც პირადი ცხოვრებიდან, ასევე კარიერიდან. მქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, რამაც ძლიერ გოგოდ მაქცია. ბევრი რამ გადავიტანე და ახლა უკვე აღარ მინდა, რამეს გავუძლო. ეს ეტაპი უნდა დასრულდეს.
- ბექა ხოფერიას აპატიეთ?
- ბექას ჩემი პატიება არ სჭირდება, ცხოვრება ანახებს ყველაფერს, რაც მე გადავიტანე და გამოვიარე იმ პერიოდში. ღმერთმა ქნას, ბექამ არასდროს გამოიაროს ის ტკივილი, რასაც მე გავუძელი. ეს ყველასთვის ურთულესია, მით უმეტეს, კაცისთვის. ისინი ქალებზე ბევრად სუსტები არიან.