შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. როგორც პაპიძემ პროცესზე განაცხადა, მას მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. "19-ში ჩემმა შვილმა, თორნიკემ სთხოვა მეუღლეს, ომარს, გასულიყვნენ გარეთ ხაჭაპურის საჭმელად. ისინი გარეთ გავიდნენ ძალიან თხლად ჩაცმულები. როდესაც დააგვიანეს, მე დედამთილს, ლილის ვთხოვე, დაერეკა ომართან, მე არ დავურეკე ომარს, რადგან მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. თუმცა ომარს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ეს ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან მისი ტელეფონი ხშირად ჯდებოდა ხოლმე. ამასთან, მე ვიცოდი, რომ ისინი მანქანით ვერ წავიდოდნენ, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ომარმა განმიცხადა, რომ ის მანქანით უბნიდან ვერ გავიდოდა, ზედმეტი კითხვების დასმა კი კვლავ ამიკრძალა. მე დაღლილი ვიყავი და იმ ღამით ჩამეძინა ლოდინში. 3 იყო დაწყებული, როდესაც გავიღვიძე და გადავწყვიტე საძებნელად წავსულიყავი. გარეთ გავედი, სადარბაზოდან გასასვლელში ვიწრო ადგილია, სადაც ფეხი წამოვკარი რაღაცას და დავეცი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე ომარზე დავეცი. ამის შემდეგ, მეგონა, რომ ის მთვრალი იყო და წაიქცა. ხშირად იყო ხოლმე, რომ ნასვამი ბრუნდებოდა სახლში. მე სისხლი არ დამინახავს. არ მიფიქრია, რომ მეუღლე და ჩემი შვილი ცოცხლები არ იყვნენ. ამის შემდეგ წავედი მანქანის გადასაყენებლად, რადგან მინდოდა ჩემი შვილი და მეუღლე მანქანაში ჩამესვა. მანქანაში ვერ ჩავსვი და ამის შემდეგ დავიწყე ყვირილი. რის შემდეგაც ჩემი დედამთილი ლილი და მეზობლები გამოვიდნენ. ამის შემდეგ მე ჩემი შვილი და მეუღლე არ მინახავს და პოლიციაში მითხრეს, რომ ორივე მე მოვკალი და ბრალი მქონდა წარდგენილი. ამას მე არ ვაღიარებ", - განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ.
ამასთან, ბრალდებული პროცესზე ყვება, რომ 19 დეკემბრამდე, მისი ქმრისა და შვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ურო ეყიდა, რათა გარკვეული სამუშაოები ეწარმოებინა. როგორც მაგდა პაპიძე სასამართლოზე ყვება, მან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მეუღლე და მისი შვილი უგონოდ იყვნენ, პირველად ურო იმიტომ გადააგდო ნაგვის ურნაში, რომ შეეშინდა, რადგანაც მისი მეუღლე ომარი ხშირად ემუქრებოდა მას.
"ერთ დღეს, ომარმა მე წამიყვანა ისე, რომ არ მითხრა, სად მივყავდი. გააჩერა ტაქსი და ამიყვანა ჯვარზე. შემდეგ იქ ფეხის წვერებზე დამაყენა და ცინიკურად რაღაც კითხვებს მისვამდა. ამის შესახებ მე ჩემს მეგობარს, ოთარ ბერძენიშვილს მოვუყევი. როდესაც ომარი სვამდა, აგრესიული იყო და სწორედ ამიტომ შემეშინდა, როდესაც წაქცეული დავინახე, ვიფიქრე, ნასვამი იყო და მე გადავწყვიტე აღნიშნული ურო გადამეგდო", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
საქმის პროკურორის თქმით, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილს თავის არეში აღენიშნება ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, რაც შესაძლოა სწორედ უროთი იყოს მიყენებული. სწორედ ამიტომ, პროკურორი დაინტერესდა თუ რატომ გადააგდო ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ პირველ რიგში ურო. ასევე პროკურორი დაინტერესდა, თუ რატომ იყო ოთახი სისხლიანი. მაგდა პაპიძემ პროკურორის კითხვებზე განაცხადა, რომ ოთახი იმიტომ გასისხლიანდა, რომ ის ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად ავიდა, რადგან მისი უგონოდ მყოფი მეუღლე და შვილი საავადმყოფოში გადაეყვანა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ადგილზე თათბირით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მაგდა პაპიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე იხილეთ: "პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემდნენ... მცემეს სახეში და თავში" - მაგდა პაპიძის პირველი კომენტარი სასამართლოდან