საავტორო უფლებების დარღვევამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ფართო მასშტაბი შეიძინა. ინტერნეტსივრცეში გაჩნდა "მეკობრე" ვებგვერდები, რომლებიც ძირითადად სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული საავტორო მასალების უნებართვოდ გამოქვეყნებით ცდილობენ პოპულარობის მოპოვებას და შემოსავლის მიღებას. შესაბამისად, ზარალდებიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც საავტორო მასალების მომზადებაში ადამიანურ და მატერიალურ რესურსს ხარჯავენ.
"პალიტრა მედია" დაახლოებით ერთი წლის წინ მოუწოდებდა სხვადასხვა ინტერნეტპორტალებს, შეეწყვიტათ სხვა მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალების მითვისების მავნე პრაქტიკა, მაგრამ სამწუხაროდ ამ მოწოდებას მხოლოდ რამდენიმე ვებგვერდი გამოეხმაურა. შესაბამისად, "პალიტრა მედია" საკუთარ საავტორო უფლებებს სამართლებლივი მექანიზმებით დაიცავს. ნებისმიერი მასალა, რომელიც "პალიტრა მედიის" კონკრეტული მედიასაშუალების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება ამა თუ იმ ვებგვერდზე, გახდება სასამართლო დავის საგანი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ორი "მეკობრე" ვებგვერდის წინააღმდეგ. ასევე, მზადდება კიდევ რამდენიმე სარჩელი. გვჯერა, სასამართლო ოპერატიულად განიხილავს ზემოთ აღნიშნულ საქმეებს და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებლივად დარეგულირდება.