რამდენიმე წლის წინ გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, სამხრეთამერიკელმა მამაკაცმა ჩანთიდან პატარა ყუთი ამოიღო. ცოტა ხანს ეფერა, მერე თავი მოხსნა და სვეტებთან ახლოს რაღაც მოაფრქვია. კაცი პერუელი, ყოფილი რევოლუციონერი, საფრანგეთში იმიგრირებული მანუელ ჰერერა იყო, ეზოში კი გარდაცვლილი მეუღლის - მარიამ კერესელიძე-ჰერერას ფერფლი მოაბნია. თითქმის 100 წელს მიღწეულმა მოხუცმა მეუღლის ანდერძი შეასრულა, თუმცა, ზუსტად - ვერა. მარიამი ოცნებობდა, მისი ფერფლი გორში კერესელიძეების საგვარეულო სასაფლაოს შერეოდა. ქვრივმა საფლავს რომ ვერ მიაგნო, ეკლესიას სთხოვა დახმარება. სასულიერო პირებმა უარი უთხრეს, როგორც კათოლიკეს, ფერფლს აქ ვერ დაგამარხვინებთო. რა ექნა ჰერერას? უკან, პარიზში, ანდერძის შეუსრულებლად ვერ დაბრუნდებოდა და მისთვის ყველაზე ცნობილი ქართველის, იოსებ ჯუღაშვილის ეზოში მოუძებნია უკანასკნელი განსასვენებელი ფერფლად ქცეული მშვენიერი მეუღლისთვის. ქვრივს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიც მოუნახულებია და მარიამის შესახებ მასალები გადაუცია - წლების წინ პერუდან ისე გამოვიქეცით, თან მხოლოდ ერთი ჩანთა გვქონდა და ყველაფერი, რაც მარიამს ეკუთვნოდა, ლიმაში დარჩაო (ალბათ, განადგურდა კიდეც).
მარიამ კერესელიძე ცნობილი ემიგრანტი გენერლის - ლეო კერესელიძის ერთადერთი ქალიშვილი იყო. საქართველოს გასაბჭოების გამო უცხოეთში გადახვეწილი მამა შვილს დედოფალივით ზრდიდა, ამასთან, აჩვევდა სპარტანულ წესებს, რათა ცხოვრებასთან გამკლავება შესძლებოდა და შთააგონებდა, მეორე თამარ მეფე თუ არა, ქართველი ჟანა დ, არკი მაინც უნდა იყოო...
მარიამი ამტანობითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა. ამბობენ, რომ უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე ცნობილი მატა ჰარი. დაუდგენელია, ზუსტად რამდენი ქვეყნის დაზვერვასა და პოლიტიკურ წრეებთან ჰქონდა კავშირი. მასზე ნადირობდნენ საბჭოთა კა-გე-ბე, ინგლისის დაზვერვა, საფრანგეთის პოლიცია და გერმანელი ფაშისტებიც კი (მათთან მარიამის ჯაშუშური კავშირის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს). მარიამი ხელმძღვანელობდა ფაშისტების წინააღმდეგ პარტიზანულ მოძრაობას, მონაწილეობდა პერუში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებში და ოდესღაც საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე, სიცოცხლის ბოლო წლებში მხარს უჭერდა კომუნისტებს, პატივს სცემდა ფიდელ კასტროს.
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივისთვის მარიამის ქართველ ნათესავს, ლეო გლურჯიძესაც (მამიდის, ელენე კერესელიძის შვილიშვილი) გადაუცია წერილები, რომელსაც ემიგრანტი ქალი მამიდას სწერდა. ასევე არსებობს საბჭოთა საქართველოს უშიშროების კომიტეტში დაცული მასალები, რომელთა საფუძველზე წიგნში "ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები" მარიამის შესახებ წერს პოლკოვნიკი გელა სულაძე. მარიამისთვის მიუჩენიათ აგენტი ვინმე ნიკო, უშიშროების მასალებში შახოვსკის მეტსახელით ცნობილი. მშვენიერი და ჭკვიანი მარიამი შესანიშნავი "მასალა" იყო საბჭოთა დაზვერვისთვის კავშირზე გასასვლელად, ამიტომაც ისეთი კაცი მიუგზავნეს, რომელმაც ქალზე შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი გულით შეიყვარა...
საბჭოთა უშიშროების მასალებზე დაყრდნობით, მარიამი 1922 წლის 13 ივლისს დაბადებულა თურქეთში და სამშობლოში ფეხის დადგმაც არ ეღირსა, ისე გარდაიცვალა 80 წელს გადაცილებული. ბავშვობა პარიზში გაუტარებია. საშუალო განათლება რომში მიუღია. პოლიგლოტი ყოფილა, ფაქტობრივად, ყველა ევროპული ენა იცოდა. ქართული მოგვიანებით, 1943-1944 წლებში, გერმანიაში, ვუსტრაუს ტყვეთა ბანაკში მუშაობისას შეუსწავლია ქართულ ცეკვა-სიმღერასთან ერთად.
წასულან საცხოვრებლად, სადაც ლეოს წმინდა სისხლის ცხენები ჰყოლია. გოგონა შესანიშნავი ცხენოსანიც ყოფილა. ტოლს არ უდებდა კაცებს, 17 წლისას მაროკოს ტრადიციული, უდაბნოს ხუთდღიანი ჯირითი იმდენად მოკლე დროში დაუმთავრებია, ყველა რეკორდი მოუხსნია და მისი ფოტო თურმე, იმდროინდელ ცნობილ ჟურნალებს ამშვენებდა. ჟურნალისტიკაც აინტერესებდა და ამ ყველაფერმა მარიამს დიპლომატიურ წრეებში აღიარება მოუტანა...
მამიდისთვის მიწერილ წერილებში მარიამი იხსენებს, რომ კინაღამ დახვრიტეს ესესელებმა: "ალბათ, არ იცი, რომ იტალიის მთებში პარტიზანი ვიყავი. 800 ქართველი ბიჭი წავიყვანე და ვიბრძოდი ფაშისტების წინააღმდეგ. გერმანელმა ესესელებმა კინაღამ დამხვრიტეს, მაგრამ როგორღაც გადავრჩი. დედა სულ ელოდა, რომ ჩემს სიკვდილს შეატყობინებდნენ," - წერს წერილში 1956 წელს, პერუში უკვე დიდი ხნის გადასახლებული... როგორც კი შეამჩნია, რომ გერმანელების საქმე ცუდად იყო, მარიამმა ამერიკელებსა და ინგლისელებთან ურთიერთობა სცადა, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც გიბრალტარს მისი ინფორმაციების საფუძველზე ბომბავდნენ.
ლეო გლურჯიძე: არავის გვიცნობდა, მაგრამ წერილებში საოცარ სიყვარულს გამოხატავდა. განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ, რადგან ლეო მამამისის პატივსაცემად დამარქვეს. მოგვიანებით, როდესაც მისი კვალი დაიკარგა, ვცდილობდი, სადმე მიმეგნო, მაგრამ... თითქოს ბედის ირონია იყო, პარიზში, სადაც ბოლო წლები გაატარა, საგანგებოდ ჩავედი მის სანახავად. თურმე, სორბონის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს მარიამ ჰერერას სახელით. ამიტომაც ვერ მივაგენი. მისამართებს ისე სწრაფად იცვლიდა, ჩემი წერილები ერთ ადგილზე ვერ უსწრებდა. სამწუხაროდ, მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ პარიზელ ნათესავებსაც - ბიძის, გოგის შთამომავლებს. საფრანგეთის პოლიცია ომის დასრულებიდან 20 წლის განმავლობაში ეძებდა მარიამს, როგორც ფაშისტებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფს. ისეთი შეშინებული იყვნენ ნათესავები, რომ ქართულ ეკლესიაში დაუბარებიათ, თუ მარიამი პარიზში დაბრუნდება და მოგვიკითხავს, ჩვენი მისამართები არ მისცეთო. ის მართლაც ჩავიდა პარიზში, მაგრამ ვერავის მიაგნო. თავის დროზე, ჩვენებიც დააშინა კა-გე-ბემ... მარიამი კი გვწერდა და კითხულობდა, სად ხართ, შემეხმიანეთო...