აფრიკის სამხრეთით არის პატარა სახელმწიფო - სვაზილენდი. პირველ რიგში, ქვეყანა ცნობილია იმით, რომ მას კონტინენტზე ერთადერთი აბსოლუტური მონარქი - ნამდვილი მეფე, სახელად მსვატი III მართავს. მსვატი III მსოფლიოს უმდიდრეს მონარქთა სიაში შედის ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით. მისი ქონება 100 მლნ დოლარზე მეტადაა შეფასებული. მეფე ცნობილია როგორც ქალების დიდი მოყვარული - 47 წლის ასაკში მას 15 ცოლი და 25 შვილი ჰყავს (ბავშვების რაოდენობა დაზუსტებული არ არის).
მსვატი III მეფე სოჰუზა II-ს 67 შვილთაგან ერთ-ერთია. ხელისუფლების სათავეში 1986 წელს მოვიდა. პირველი ორი ცოლი სვაზილენდის მმართველს სპეციალურად მომზადებულმა სახელმწიფო მრჩევლებმა შეურჩიეს. ტრადიციების თანახმად, მათი ცოლად შერთვა მხოლოდ დაორსულების შემდეგ შეეძლო, ამით ქალები ნაყოფიერებას ამტკიცებენ. პირველი ორი, ასე ვთქვათ, რიტუალური ცოლის მოყვანის შემდეგ, მეფემ "გაიჯეჯილა" და მაშინვე გულის სატრფო იპოვა. 1986 წელს მან პირველი ცოლი თავად შეარჩია და მას შემდეგ "ცოლების შტატს" რეგულარულად ანახლებს.
ახალი სატრფოს შერჩევის პროცესი სვაზილენდში მხიარულად ტარდება. ყოველწლიურად (ზაფხულის დასასრული - შემოდგომის დასაწყისი), ქვეყანაში ტრადიციულ უმჰალანგას დღესასწაულს აღნიშნავენ, რომლის კულმინაციაც ნახევრადშიშველი გოგონების მასობრივი ცეკვაა. მეფის ცოლობის მსურველი გოგონები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან, მათი რიცხვი 50 000-დან 100 000-მდეა. ეს გასაკვირიც არაა - აბა სცადეთ დღეში 1,5$-ით თავის გატანა, როგორც ეს სვაზილენდშია. თუ როგორ ახერხებს მონარქი მორიგი ერთადერთი და განუმეორებელის პოვნას, უცნობია, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი პირადი საქმეა. რჩეული საჩუქრად ძვირფას სასახლეს, ლიმუზინსა და ჯიპს იღებს.
საინტერესოა, როგორ ახერხებს ყველა ცოლის მოვლას და როგორ ენდობა ამდენ ქალს ერთდროულად? როგორც აღმოჩნდა, ამ სფეროში მეფეებსაც კი მოსდით მარცხი. პირველად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეფეს ზოგიერთი ცოლი ღალატობს, 2004 წელს გაჩნდა, როდესაც ორი მათგანი ლონდონში გაფრინდა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ქალებს ბრიტანეთის დედაქალაქში საყვარლები ჰყავთ, თუმცა ეს ფაქტი ვერ დადასტურდა. გავიდა რამდენიმე წელი და გაზეთები კვლავ დაუბრუნდნენ მსვატი III-ის მოღალატე ცოლების თემას. ამჯერად ვარაუდი გამართლდა. როგორც 2010 წელს დასავლურმა გამოცემებმა გაარკვიეს, მეფის მე-12 ცოლმა ნოტანდო დუბემ ქმარს იუსტიციის მინისტრთან უღალატა.
22 წლის ნოტანდო საკმაოდ გონივრულად მოქმედებდა: საყვარელთან ჯარისკაცის ფორმაში გადაცმული გარბოდა სასახლიდან. თუ როგორ მოახერხეს მოღალატე ცოლისა და იუსტიციის მინისტრ ნდუმისო მამბას თვალთვალი, უცნობია, რადგან მეფემ ადგილობრივ მედიასაშუალებებს აუკრძალა ამ თემის განხილვა. ასეა თუ ისე, მამბა მსვატი III-ის ცოლთან სასტუმრო Royal Villas-ში გამოიჭირეს, რომელიც სასახლიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ოპერაცია "მომგვარეთ ჩემი ცოლის საყვარელის!" დასრულების შემდეგ სვაზილენდის დედაქალაქში 5-წუთიანი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მამბა მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან. მიზეზების გავრცელებისგან კი თავი შეიკავა. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მეფისთვის იოლი არ იყო, რადგან მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ექს-მინისტრთან, მათ საერთო ბიზნეს-პროექტებიც ჰქონდათ.
ნოტანდო დუბეს საყვარელი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. მას სავარაუდოდ, მრავალი წლის გატარება მოუწევს ციხეში. როგორც ექსპერტები ამბობენ, მეფე იძულებულია ციხეში ჩასვას პოლიტიკოსი, მეგობარი და მეტოქე, რათა იგი საზღვარგარეთ არ გაიქცეს. "მამბამ ბევრი რამ იცის. თუკი იგი ქვეყნიდან გაიქცევა, თან სამეფო კარის უამრავ საიდუმლოს გაიყოლებს, ეს კი მეფეს არ აწყობს", - აღნიშნავენ სპეციალისტები. თუმცა, საბოლოოდ როგორ გადაწყდა ეს ამბავი, ამაზე ინტერნეტი სდუმს.
რა მოუვიდა მოღალატე ცოლს? - იკითხავთ თქვენ. ნოტანდო დუბეს, ისევე როგორც მის საყვარელს, არასახარბიელო ცხოვრება ელის. პირველ რიგში, მას ქმრის დაცვა უთვალთვალებს 24 საათის განმავლობაში. მეორეც, დაჩენილი ცხოვრება დედამთილთან უნდა იცხოვროს, რომელიც დაცვაზე უარესად გააკონტროლებს მოღალატე რძლის თითოეულ ნაბიჯს. ყველაფრის მიუხედავად, სვაზილენდის მეფე ფარ-ხმალს არ ყრის, 2013 წელს 45 წლის მსვატი III-მ ისევ იქორწინა - ამჯერად მისი რჩეული სილამაზის კონკურსის 18 წლის ფინალისტი "მის კულტურული მემკვიდრეობა" გახდა.
როდესაც ახალი საცოლე სახელად სინდისვა დლამინი დაორსულდება, იგი ოფიციალურად გახდება Agence France Presse-ის მონაცემებით მე-14, ხოლო სამხრეთაფრიკული გამოცემა Independent Online-ს მონაცემებით, მეფის მე-15 ცოლი. გოგონა მეფის ქალიშვილებზე უმცროსია, თუმცა ეს ფაქტი დიდად არ აღელვებს. სიხარულს მხოლოდ სამხრეთაფრიკული გამოცემები აფერმკრთალებენ. ისინი წერენ, რომ მშვენიერი სინდისვა დიდი ხანია ქალიშვილი აღარ არის, ერთობა ღამის კლუბებში და ერთდროულად 2 ვაჟიშვილთან აქვს რომანი, მეფეს კი ცოლად მხოლოდ ანგარებით გაყვა.
სინდისვას წყალობით სვაზილენდის მეფემ რეკორდი მოხსნა მონარქების ცოლების რაოდენობით - საუდის არაბეთის მეფეს 14 ცოლი ჰყავს. მსვატის დიდი ხნის წინ შეეძლო არაბი მონარქისთვის გაესწრო, მაგრამ მას 3 ცოლი გაექცა, რამაც სვაზილენდელების დიდი გაკვირვება გამოიწვია - მეფის ყველა ცოლი ფუფუნებაში ცხოვრობს. საზღვარგარეთ საშოპინგოდ დედოფლები მონარქის პირადი თვითმფრინავით დაფრინავენ.
მეფე, რომელსაც სახელმწიფო ხაზინა საკუთარი ჯიბე ჰგონია, ცოლებზე, შვილებზე და საკუთარ თავზე ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს. ამის მიუხედავად, გაქცეული ცოლები ჩიოდნენ, რომ ფიზიკური და ემოციური სტრესი მიიღეს. ასევე ჩივიან უბრალო სვაზილენდელებიც: დედოფლების რაოდენობით, როგორც მთლიანობაში, ასევე ერთ სულ მოსახლეზე, ისინი პირველ ადგილზე არიან. ცხოვრების დონით კი, სამწუხაროდ, ერთ-ერთ უკანასკნელზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
მოამზადა დუდანა ზაქარაიამ
AMBEBI.GE-სთვის