ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

ვინ და რა საბუთებით შეძლებს წასვლას ევროპაში და რისი კეთების უფლება გექნებათ უვიზო რეჟიმის პირობებში

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდებიან.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაცია, რომელსაც ხელი 1-ელ მარტს მოეწერა, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)

ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)

ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)

  • უვიზოდ მოგზაურობის ხანგრძლივობა
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;

მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში;

  • რა საბუთებია საჭირო უვიზოდ მგზავრობისთვის?
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც უნდა ქონდეს მინიმუმ 3 თვის მოქმედების ვადა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის დაგეგმილი დღისთვის.

  • საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:
შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.

მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:

ტურიზმი და დასვენება:

  • უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

მონაწილეობა კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში და ა.შ.

  • ​ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.

ნათესავების, მეგობრების მონახულება

  • მიმღები პირის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • იმ პირის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.).

მკურნალობა

  • სამედიცინო დაწესებულების თანხმობა
  • რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანხა ნაღდი სახით, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.)

Visa-free travel to EU countries: Must-know tips for Georgian citizens

იხილეთ ვიდეო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ

საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქმება, თუკი:

  • ვერ შეძლებს მგზავრობის მიზნობრიობის ან ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურებას;
  • საფრთხეს უქმნის ევროკავშირის/შენგენის რომელიმე წევრი ქვეყნის საზოგადოებრივ წესრიგსა და ჯანმრთელობას ან შიდა უსაფრთხოებას;
  • ნასამართლევია ევროკავშირის/შენგენის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში სისხლის სამართლის ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით;
  • არსებობს დანაშაულებრივ საქმიანობაში მისი მონაწილეობის ან ასეთი განზრახვის შესახებ უტყუარი მტკიცებულებები;
  • აკრძალული აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან არსებობს გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ (შენგენის ერთიანი სისტემა)

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები, აგრეთვე, იმ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.)
  • 90 დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით.ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით;
  • ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლმადე ვადით;
  • ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მუშაობა სამუშაო ნებართვის გარეშე ითვლება არალეგალურად, რასაც, ასევე, შესაძლოა, მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.

(ინფორმაცია აღებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან)

საკონტაქტო ინფორმაცია:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: (+995 32) 2 94 50 50;

ელექტრონული ფოსტის მისამართი: consulinfo@mfa.gov.ge

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების სრული საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularOffices

რომელ რეგიონში რამდენ მოქალაქეს ამოეწურა ქულები მართვის მოწმობაზე - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სალომე ზურაბიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა