ჯოჯოხეთზე სხვადასხვა წარმოდგენა არსებობს - უძველესი თქმულებებით დაწყებული, დანტეს "ღვთაებრივი კომედიით" გაგრძელებული და თანამედროვე უნიჭო ანეკდოტებით დამთავრებული : "ქეშ ბიჭებს პლანი რომ აქვთ და ეშმაკები ასანთს არ აძლევენ". ფილოსოფოსებს უთქვამთ, ჯოჯოხეთი ჩაკეტილი წრე არისო. ანუ, მეორდება და მეორდება ერთი და იგივე - გაგიჟდები კაცი. მე კიდევ ვამბობ, რომ ჯოჯოხეთი საბურთალოა! პეკინის ქუჩა და მიმდებარე ბახტრიონ-მიცკევიჩები. ვისაც იქ პიკის საათებში გაუვლია, ყველა დამეთანხმება.
თან, საბურთალოს ჯოჯოხეთი ნაღდია, "ქარხნული". ხომ იცით, ნაღდი ჯოჯოხეთი ცეხში კუსტარულად დამზადებულისგან რით განსხვავდება? ნაღდი საკუთარი სისულელისგანაა გაკეთებული. კი, გამომწვევ მიზეზი შეიძლება ათასი იყოს, მაგრამ მათ შორის, აუცილებლად უნდა ერიოს საკუთარი სისულელე. თან, რაც დიდი დოზით, მით უკეთესი.
აი, მაგალითად, პეკინის გადაკვეთა და სააკაძის მოედნისკენ წასვლა რომ გინდა (ან სააკაძის მოედნიდან რომ მოდიხარ და ისე გინდა პეკინის გადაკვეთა) შუქნიშნამდე ხომ მიაღწევ? ჰოდა, იქ, შენი მწვანე რომ აინთება და გულუბრყვილოდ მანქანის დაძვრას დააპირებ, დაინახავ, რომ "პეკინელებმა" სულაც არ შეწყვიტეს მოძრაობა. გზაჯვარედინი არ გაათავისუფლეს. მართალია, მათ შუქნიშანზე წითელი აინთო, მაგრამ კიდევ ერთმა, ორმა, სამმა, ოთხმა, ხუთმა, ექვსმა... თორმეტმა, ცამეტმა მანქანამ იფიქრა, ბარემ მეც გავალ, გავასწრებო და გზა გადაგიხერგა. დგანან ჯორებივით და გაგინებინებენ თავს.
ატყდა საყვირების ჭყვიტინი თუ რაც ჰქვია. ზოგი ბოხად უბერავს, ზოგი წვრილად უბერავს. კიდევ კარგი, "ასეთია ქურდი კაცის ბედი" და "კრიოსნი აწეცი" აღარავის აქვს დაყენებული. ამასობაში, შენს გვერდით მდგომი მანქანა მიძვრება. თურმე, ჯორებში ნაპრალი მონახა. გავარდა და გაჰყევი. მართალია, ორივემ არაბუნებრივად ირიბი გეზი აიღეთ და ისიც კარგად დაინახეთ, რომ შუქნიშანმა ისევ წითელი აგინთოთ; სადღაც, იმასაც ხვდებით, რომ ახლა ყველაფერს თქვენი გაჩერება აჯობებს, მაგრამ:
ა) "პეკინელებზე" შურისძიება გწყურიათ;