ახალგაზრდა მუსიკოსი "წმინდა ენერგიით" - როგორ ქმნის ბექა კუნდალინი ელექტრონულ მუსიკას

ახალგაზრდა მუსიკოსი "წმინდა ენერგიით" - როგორ ქმნის ბექა კუნდალინი ელექტრონულ მუსიკას

"ჩვენ ვერაფერს გავიგებდით, ვერაფერს ვიგრძნობდით, იქ, შიგნით შეხვედრა რომ არ ხდებოდეს" - მუსიკასა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე როგორც ცოცხალ არსებაზე, ისე საუბრობს. მისთვის სამყაროს მუსიკალურობის ხარისხი აბსოლუტურია, ის გამორიცხავს სამყაროს არსებობას მუსიკის გარეშე. თვლის, რომ მუსიკით ცხოვრება შესაძლებელია, როცა არსებობს მატერიალური საფუძველი და ცოდნა. მუსიკაზე დაუსრულებლად შეუძლია საუბარი. ენერგიას, რომელიც ყოვლისმომცველ, ყველგანშემღწევ და წმინდა ენერგიად ითვლება, საკუთარ გვარად ასახელებს და განმარტავს: "არაფერი განსაკუთრებული, ფუნდამენტურ ენერგიად ითვლება და, ალბათ, ამიტომ..."

ეს ბექა კუნდალინია. ამ საკმაოდ გავრცელებული სახელით, მაგრამ ორიგინალური ფსევდონიმით იცნობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახალგაზრდა შემოქმედს, რომლისთვისაც მედიის ჩრდილში ყოფნა უფრო კომფორტულია, დაცლილია ყოველგვარი ეპატაჟისგან და, უბრალოდ, ქმნის. ქმნის კარგ მუსიკას. გასულ წელს მისმა ნამუშევარმა "ის ვინც" ელექტრონული მუსიკის მოყვარულებში დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა. ამ სიმღერის ტექსტიც და მუსიკაც ბექა კუნდალინს ეკუთვნის, თუმცა თავად, ავტორობას ასე ადასტურებს: "სიმღერაც და მელოდიაც ჩემია. მაგრამ, ჩემია ისეთი ნათქვამია...მუსიკის და ტექსტის წერა იმდენად ინტუიციური რამაა, ვერ იტყვი, როგორ შემოგეწერა". ასე "შემოეწერა" "Human X", "როგორ აპირებ?" "Eloimi", Michael, PI …ამჟამად ახალ თრექებზე მუშაობს. სამომავლოდ კი, მინიალბომის გაკეთებას აპირებს.

არჩევანი: "13-14 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე, მუსიკოსი გავმხდარიყავი და დავიწყე გიტარის სწავლა. რა თქმა უნდა, ეს არჩევანი გავლენებმა განაპირობა. მოგწონს ან არ მოგწონს რაღაც, ნიშნავს რომ მისი გავლენა გაქვს. ამ პერიოდში დაინტერესებული ვიყავი კლასიკური როკით. სიმართლე რომ ვთქვა, 90-იანი წლების თანამედროვე მუსიკაზე ძალიან მწირი წარმოდგენა მქონდა, მაშინდელი ინფორმაციული ვაკუუმის გამო."

პირველი სიმღერა: "პირველი სიმღერა დავწერე, ალბათ, 14 წლის ასაკში. ზუსტად არ მახსოვს. ეს იყო გიტარაზე აწყობილი პოპ სიმღერა. შეყვარებული არ ვყოფილვარ, მაგრამ სიმღერა სიყვარულზე იყო."

პირველი ინსტრუმენტი: "პირველი გიტარა ჩემს ნათესავს გამოვართვი, რომელსაც მანსარდაზე ედო გატეხილი. გავარემონტე, შევღებე, სიმები დავუყენე, საღებავებით მწვანე ორნამენტები დავახატე და დავიწყე სწავლა."

სამყაროს მუსიკალურობის ხარისხი: "სამყაროს მუსიკალურობის ხარისხი აბსოლუტურია. რამდენადაც ყველაფერს აქვს თავისი რხევა, ვიბრაცია, იმდენად ყველაფერი გამოსცემს გარკვეულ სიხშირეზე გარკვეულ ბგერას. თუ კი არსებობს რაიმე, არსებობს მუსიკაც, ეს ერთი და იგივეა. ყველაფერი მუსიკაა"

მუსიკა და ადამიანი: "ადამიანი გარკვეულ სიხშირეებს აღიქვამს, გარკვეულს - ვერ და გარკვეულ ბგერათა წყობებზე ის შინაგანად ძალიან ნატიფი გრძნობებით პასუხობს. ეს უკვე ადამიანის მგრძნობელობით სამყაროზე გველაპარაკება. მუსიკა გველაპარაკება ჩვენივე თავის შესახებ, ჩვენი შინაგანი ემოციური სამყაროს შესახებ. როდესაც მუსიკას ვეძლევით, ემოციურად ეს არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ მისი გავლენის ქვეშ ვართ.. გავლენა არ ნიშნავს ზომბირებას. გავლენა ნიშნავს გაღვიძებას იმის, რაც შენი ბუნების ნაწილია, იმიტომ, რომ ადამიანი ვერაფერს ვერ აღიქვამს ისეთს, რაც მისი ბუნებისთვის უცხოა. ბგერა უბრალოდ შემოვიდოდა ჩვენში და გავიდოდა, ჩვენ ვერაფერს გავიგებდით, ვერაფერს ვიგრძნობდით იქ, შიგნით, შეხვედრა რომ არ ხდებოდეს. ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ ადამიანის ორგანული მატერია ფორტეოპიანოს დაახლოებით, საშუალო "დო"-ზე 42 ოქტავით მაღლა სიხშირის გენერირებას ახდენს. და თუ კი საშუალო "დო" დაახლოებით 262 ჰერცია, ადამიანის ბგერა, დაახლოებით, 570 ტრილიონი ჰერცი იქნება. ანუ ადამიანი წამში 570 ტრილიონ რხევას ასრულებს. საინტერესო იქნებოდა ამ სიხშირეზე ბგერის აღქმა რომ შეგვეძლოს. შევძლებდით ადამიანის სხეულის მუსიკის მოსმენას. ვინ იცის, იქნებ ქვეცნობიერად სწორედ ეს მუსიკალურობაა, რაც მოგწონს მეორე ადამიანში, რაც გვიზიდავს, რაც მოწონების, სიყვარულის მიზეზი ხდება."

მუსიკას ქმნის: "ნებისმიერ დროს. მუშაობა სიწყნარეში მიყვარს, მარტოს. ეს, ალბათ, ბუნებრივია."

მუსიკით ცხოვრება: "პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან იმ ელემენტარულის პრობლემაა (ტექნიკურ უზრუნველყოფას ვგულისხმობ) რითიც შეძლებდა ადამიანი ფულის შოვნას. მატერიალური პირობები პირდაპირ აისახება კულტურულ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, უმთავრესია ცოდნა. შესაძლებლობა და ცოდნა - სამწუხაროდ, ეს ორი რამ დიდი ხანია ყველას აკლია ამ ქვეყანაში და ბუნებრივია, ამას თავისი უარყოფითი შედეგი აქვს. როდესაც ხალხს ფინანსური სტაბილურობის განცდა არ აქვს და მუდმივად გადარჩენაზეა ორიენტირებული, იქ ხელოვნება ფუფუნების სფეროა. შემთხვევითი არაა, რომ ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყნები ხელოვნებაშიც წამყვანი ქვეყნები არიან".

ვერასდროს შეძლებს: "ვფიქრობ რა შეიძლება იყოს, რაც არასდროს გამომივა. ალბათ, 200 კილო შტანგის აწევა ან კოლექციონერობა. ესეც იმიტომ, რომ არ მაინტერესებს. ალბათ ბევრი რამ არის, რაც არ გამომივა, მაგრამ რა, ზუსტად არ ვიცი. გამოცდილება მაჩვენებს."

კარგად გამოსდის: "ჭურჭლის რეცხვა"

სამომავლო გეგმები: "ვწერ ახალ თრექებს, ვფიქრობ EP-ის გაკეთებაზე. ვთანამშრომლობ სხვა მუსიკოსებთან და ერთობლივ პროდუქტებზე ვმუშაობთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს."

AMBEBI.GE

თამარ კორკოტაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება