ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, ელოდა, რომ პარლამენტის მიერ ამნისტირებულთა სიის მეორე ნაკადში მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. როგორც ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში განაცხადა, ის თავს პოლიტდევნილად მიიჩნევს. "მე საკუთარ თავს განვიხილავ პოლიტიკურ დევნილად, თუმცა სამწუხაროდ პარლამენტმა თავის დროზე ასე არ განიხილა. მაშინ მითხრეს, რომ მეორე ნაკადში მოვხვდებოდი და მასალების, საბუთების შეგროვება დავიწყე. ადვოკატის მეშვეობით მქონდა კონტაქტი. დაპირებით არავინ გვპირდებოდა გათავისუფლებას, მაგრამ ამაზე საუბარი იყო", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბრალდებულმა ე.წ. კოკაინის საქმეზეც ისაუბრა. ბოჭორიშვილის მტკიცებით, მაშინ დანაშაული არ მომხდარა. "შეგიძლიათ გაეცნოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაგზავნილ დასკვნას, ყოველწლიური ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ 2010 წელს. იქ წერია, რომ 2010 წელს საქართველოში ამოღებულია 0 გრამი "კოკაინი". ანუ საქართველოში არ უმოძრავია. 0.9 გრ კოკაინი იყო, თუმცა ვიღაცის სახელზე და არც ერთი ჩვენგანის სახელი იქ არ ფიგურირებს. მე ვარ გასამართლებული 200 გრ კოკაინის გამო. მითხარით სად წავიდა დანარჩენი, ვინ შეჭამა, როგორ შეიძლება ჰაერზე გაასამართლო ადამიანი?!", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლება სწორედ მსგავსი შეთითხნილი საქმეებით სძალავდა დიდი ოდენობით თანხებს მოქალაქეებს და ეს საქმეც სწორედ ამას უკავშირდებოდა. "დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენს მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა. დამირეკეს რამდენჯერმე კუდ-ის და თოფურიძის დავალებით. ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ მთხოვდნენ 3 მლნ ევროს, დანარჩენს ჩემი ნათესავების თავისუფლების სანაცვლოდ. მე არ დავთანხმდი და ჩამძირეს ბოლომდე", - განაცხადა ბრალდებულმა.
შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება