გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა. როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.
გთავაზობთ საარქივო კადრებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის ივნისში საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავების შემდეგ გაავრცელა. კადრებში ნაჩვენებია ასია მუსემიანის (ანასტასია ზაუტაშვილი) შეხვედრა კილერთან. ქალი კილერს იმ კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სწორედ სვანიძის სახლში, ტყაჩირში ამოიღეს ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო.