გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი პოლიტიპატიმრების სიაში არ ყოფილა

გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი პოლიტიპატიმრების სიაში არ ყოფილა

თუ ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების რეკომენდაციით შეწყალების კომისიას ვინმემ მიმართა, ამაში დანაშაულის ნიშნები არ არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. თუმცა, როგორც ფოფხაძე აცხადებს, მისთვის უცნობია ასეთი რეკომენდაციით თუ მიმართა ვინმემ შეწყალების კომისიას.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მისთვის ცნობილია ანასტასია ზაუტაშვილის საქმის გარკვეული დეტალები. მისი თქმით, ანასტასია ზაუტაშვილი აცხადებს, რომ მასზე განხორციელდა წამება და შესაბამისად, თუ ვინმე შეწყალების კომისიას მიმართავს, თუნდაც სასჯელის განახევრების რეკომენდაციით, ამაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

"ის რამდენჯერმე მყავს ნანახი საპატიმრო დაწესებულებაში, რადგან შიმშილობის აქციაში იღებდა მონაწილეობას. მისი საქმე ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო. მას პრეტენზიები ჰქონდა რომ საქმე იყო ხელოვნურად შეკერილი, საუბრობდა წამების და ზეწოლის ფაქტებზე, შესაბამისად, შეწყალების კომისიას თუ ვინმემ რაიმე რეკომენდაციით მიმართა, რომ ადამიანი ნაწამებია და ეგებ ამის გამო რაიმე შეღავათი გაუწიოთ, თუნდაც სასჯელის განახევრების მიზნით, ამაში დანაშაულის ნიშნები არ არის", - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი პოლიტიპატიმრების სიაში არ ყოფილა.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ ე.წ. "კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა. შესაბამისი კომენტარი კობახიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში, გამოცემის იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, სწორედ ე.წ. კოკაინის საქმეა.

"მე ვიყავი ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატი 2011 წელს სააპელაციო სასამართლოსა და შემდეგ უზენაეს სასამართლოში. საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე გახლდათ. დიახ, ამ ადამიანების შეწყალებას ნამდვილად ვითხოვდი, რადგან დღესაც ვფიქრობ, რომ პატიმრობაში სერიოზული საპროცესო დარღვევებით იმყოფებიან. ჩვენებები მოწმეებზე ზეწოლით მოიპოვეს და ზოგადად, ბევრი სამართლებრივი კითხვაა პასუხგაუცემელი. ათეულობით საჩივარი მაქვს დაწერილი და როგორც მაშინ მჯეროდა, რომ საქმის გამოძიება დარღვევებით ჩატარდა, დღესაც ვფიქრობ, რომ ამ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. ანალოგიური მოთხოვნით მთავარი პროკურორისთვისაც არაერთხელ ოფიციალურად მიმიმართავს, რადგან პატიმრების ნათესავები ამას ჩემგან, როგორც დეპუტატისგან ითხოვდნენ. შეწყალების კომისიაშიც ვგზავნიდი რეკომენდაციას, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებმა სამართლებრივი მისაგებელი ვერ მიიღეს. ერთადერთი გზა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად შეწყალება იყო", - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არც იმას უარყოფს, რომ შესაძლოა შეწყალების კომისიაში გაგზავნილი განცხადების ბედთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილისთვის დაერეკა, თუმცა მისივე განმარტებით, "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა" ჰქონდა.

"ანასტასია ზაუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია, თანაც მას სამი შვილი ჰყავს, რაც ქმნიდა საფუძველს, რომ შეწყალების კომისიისთვის მიემართათ. შესაძლოა, ალეკო ელისაშვილთან ოფიციალური განცხადებების გაგზავნის შემდეგ, მოვიკითხე, რა ეტაპზე იყო საქმის განხილვა და ისიც შესაძლოა, ელისაშვილს ვთხოვე, საქმე თაროზე არ შემოედოთ. გაასაჯაროოს ელისაშვილმა სატელეფონო ზარების შინაარსი. დიახ, მე დავრეკავ ყველასთან საჩივრის ბედის შესახებ, ვისთანაც ოფიციალური მოთხოვნა მაქვს გაგზავნილი. ეს ეხება სამინისტროებსაც და პროკურატურასაც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესთან დაჟინებული მოთხოვნა მქონდა. უსინდისობაა, თუ ალეკო ელისაშვილი ამას ასე აღიქვამს. ახლა მე ვითხოვ იმის მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში 200 ათასი მაქვს აღებული", - აღნიშნავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

მანანა კობახიძე ითხოვს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დაკითხოს.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია