ფარული ვიდეო| "კოკაინის საქმეზე" დაკავებული ნატალია ზაუტაშვილის კილერთან საუბრის ჩანაწერი - "არაფრის ხალისი არ მაქ, სანამ მის სისხლს არ დავლევ..."
გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, საქმე, რომელზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს, ე.წ. კოკაინის საქმეა.
როგორც "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ.კოკაინის საქმის მთავარი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა. გამოცემის ცნობით, ალეკო ელისაშვილს ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების საქმის დაძვრას დაჟინებით სთხოვნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ეკა ბესელია.
"ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია, კვალი ე.წ. კოკაინის საქმემდე მიდის.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ე.წ. კოკაინის საქმის მთავარი გფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი თავისი მეგობარი ქალის, ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლებას ხელისუფლების ცვლილებისთანავე მისი პოლიტპატიმართა სიაში ჩასმით შეეცადა", - იუწყება გაზეთი "კვირის პალიტრა".
AMBEBI.GE ანასტასია ზაუტაშვილის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ნარკოდაჯგუფების წევრობის ბრალდებით გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი 2011 წელს ტელესერიალ "დეტექტივების" შემქმნელებს უჩიოდა. აღნიშნული ტელესერიალი "რუსთავი 2"-ზე გადიოდა და სცენარისტებს სერიალისთვის მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აძლევდა.
ლალი აფციალური, ადვოკატი: "სატელევიზიო ეთერში გავიდა სერიალ "დეტექტივების" სერია ნარკოტრანზიტის შესახებ. მასში ერთ-ერთი გმირი, რომლის პროტოტიპიც ანასტასია ზაუტაშვილია, წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი, რომელიც საკუთარ შვილსაც კი რთავს ამ საქმეში. შსს-ს მასალებში ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ზაუტაშვილის ამ მხრივ წარმოჩენა ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია. ეს არის ღირსებისა და პატივის შემლახველი. ამის გამო უკვე მზადდება სარჩელი, რომელსაც სექტემბრის ბოლოს შევიტანთ სასამართლოში. მსახიობებთან პრეტენზია არ გვაქვს. ნარკოტრაფიკის საქმე 17-ტომიანია და 2 ინსტანცია აქვს გავლილი".
გაზეთი "ყველა სიახლე", 2011 წელი
ლაშა ცერიაშვილი, სერიალ "დეტექტივების" რეჟისორი:
"ეს არის რეალურ ამბავზე დაყრდობილი ისტორია. სერიალში არის, ასე ვთქვათ, ლირიკული გადახვევები, თუმცა ანასტასია ზაუტაშვილი ჩვენ არ წარმოგვიდგენია, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის და ამორალური ქალბატონი. უბრალოდ, სიუჟეტის მიხედვით მას ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც წლების განმავლობაში ხვდება და ამაში თუ ხედავს რამეს ამორალურს, არ ვიცი. ეს ძალიან გახმაურებული საქმეა და ამიტომ გადაღებისას ბევრი პიკანტური დეტალი გავითვალისწინეთ.
სურათის ბოლოს მივუთითეთ, რომ ამბავი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მისი ერთ-ერთი გმირის ლორა ჯამასპიშვილის პროტოტიპი ანასტასია ზაუტაშვილია. ის, თუ რა ბედი ეწია ნარკოკარტელის რეალურ წევრებს და, ასევე, მთელი დოკუმენტური მასალა, თავის დროზე ყველა ტელევიზიით იყო ნაჩვენები. აქედან გამომდინარე, რატომ მიჩივის ანასტასია ზაუტაშვილი, ჩემთვის გაუგებარია".
გაზეთი "ყველა სიახლე", 2011 წელი
შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილი 2010 წლის ზაფხულს მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა დააპატიმრეს კიდევ ოთხი ადამიანი: მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი კოლუმბიიდან, პერუდან და პანამიდან რეგულარულად იღებდნენ ჯართში დამალულ დიდი ოდენობით კოკაინს ევროპის ბაზარზე გასატანად და ამ საქმეში ჩართული იყო კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი.
სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ 60 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღო, დაკავებულებს კი სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.