"მოსახლეობას საძოვარზე ჰყავს პირუტყვი გარეკილი, სადაც გამრავლება ველური, ნათესაური გზით ხდება - უახლოესი ხაზის გენეტიკის პირუტყვი ერთმანეთს ეჯვარება. ასეთი გამრავლება კი, როგორც ადამიანებში, პირუტყვის დამცრობას და სიმახინჯეს იწვევს, წველადობაში ერთ ლიტრ რძეს აკლებინებს"
წარსულში ქვეყნის განვითარების შეფერხებამ მეცხოველეობის დარგის განვითარებაც გააჩერა... დუშეთის მუნიციპალიტეტი ჩვენი მეცხოველეობის უპირველეს კერად ითვლებოდა, ამ სიტუაციამ კი რეგიონის დაცლის საშიშროება შექმნა. საჭირო გახდა საგანგებო სქემის შემუშავება, რომელსაც სამი ძირითადი მიმართულება აქვს - მაღალი წველადობის პირუტყვის გამრავლება; პირუტყვის საკვების გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა და სასაკლაოს დაარსება, რომელიც პირუტყვს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ადეკვატურ ფასებში შეისყიდის. ამ ყველაფრის ამუშავებას არცთუ ცოტა დროს დასჭირდა, თუმცა ახლა ყველაფერი მოგვარებულია და დუშელებსაც ფეხზე დადგომის იმედი გაუჩნდათ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დუშეთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ზურაბ სეხნიაშვილიც მომავალს იმედით უყურებს...
- სხვა ქვეყნებში ხალხი მეცხოველეობით მდიდრდება. ჩვენს რაიონში კი პირუტყვის მოშენების საქმე სავალალოა. ჩვენი პირუტყვი პატარა ტანისაა, წველადობაც ნაკლებია. მათი სიკვდილიანობისა თუ გამრავლების სტატისტიკა საფუძვლიანად შევისწავლეთ და საგონებელში ჩავვარდით...
დუშეთის მუნიციპალიტეტი ქვეყანაში ყველაზე დიდია და მხოლოდ 30 000 სული ცხვარი გვყავს. 286 სოფლიდან გლეხობა სულ 24 000 სულ მსხვილფეხა პირუტყვს უვლის. ღორის ჭირმა ერთ წელიწადში 4 473 ცხოველიდან ნახევარი გაგვიწყვიტა. ან 4 473 ღორი რა არის დუშეთისთვის, რომ იმის ნახევარი რაიმეს ნიშნავდეს! თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა სოფლები, სადაც 100 ძროხას დაითვლი.
ჩვენი პირუტყვის დამცრობის მთავარი მიზეზი ჯიშიანობის დავარდნაა. სოფლები რომ მოიარო, შეიძლება ბუღაც კი ვერსად იპოვო. არადა, ჯიშიანი პირუტყვის გასამრავლებლად, ჯიშიანი ბუღა უნდა აირჩიო. საქართველოს ყველა კუთხეში თითო ასეთი ბუღა მაინც ჰყავდა მოსახლეობას და, შესაბამისად, არც ხალხს ჰყავდა ურიგო მეწველი პირუტყვი. ახლა კი ბუღას თუნდაც იმ მოსაზრებით აღარ იჩერებენ, რომ ბევრი საკვები სჭირდება. მოსახლეობას საძოვარზე ჰყავს პირუტყვი გარეკილი, სადაც გამრავლება ველური, ნათესაური გზით ხდება - უახლოესი ხაზის გენეტიკის პირუტყვი ერთმანეთს ეჯვარება. ასეთი გამრავლება კი, როგორც ადამიანებში, პირუტყვის დამცრობას და სიმახინჯეს იწვევს, წველადობაში ერთ ლიტრ რძეს აკლებინებს.
ზოგიერთი ცდილობს, პირუტყვის გამრავლება თვითდინებაზე არ მიუშვას და არსებული ჯიშიდან საუკეთესო პირუტყვი ჰყავს. დუშეთის რაიონში გავრცელებულია უმეტესად კავკასიური წაბლა და ხევსურული ძროხა. ხევსურული იწველება 7-8 ლიტრს, კავკასიური წაბლა კი ოდნავ მეტს. საჭიროა, გავაუმჯობესოთ ადგილობრივი ჯიშები, რომელიც ახლა დაკნინებულია, მაგრამ გარემოზე მორგებული უნიკალური თვისებები აქვს. ადგილობრივ ჯიშებთან საუკეთესო უცხოური ჯიშის პირუტყვი უნდა შეჯვარდეს. ამის შედეგად გაუმჯობესდება წველადობაც და მეხორცულობაც, რაც ხალხს მოგებას მოუტანს. ამ მხრივ, ჩვენ ავირჩიეთ შვედური ჯიშის პირუტყვი. მისი ნაწველი წელიწადში 4-5 ათასი ლიტრი რძეა, ანუ დღეში 15 ლიტრს იწველის. ხევსურული ძროხა, ზამთრიდან გაზაფხულამდე, მაკეობის გამო, წველას წყვეტს და როცა იწველება, დღეში 7-8 ლიტრს იძლევა.
- მაგრამ ამ შემთხვევაში ადგილობრივი ჯიშის გადაშენების საფრთხეც ჩნდება.
- ხევსურული ჯიში შვედურთან შეჯვარებით შეინარჩუნებს და გაიუმჯობესებს თავის საუკეთესო თვისებებს - ცხიმიანობას, ადგილობრივ პირობებთან შეგუების უნიკალურ უნარს, აიმაღლებს წველადობას. მომთაბარეობისა და ადგილობრივ მთაგორიან რელიეფთან შეგუების უნარი, შვედურ ჯიშსაც აქვს განვითარებული - წელიწადში 6 თვე მომთაბარეობს. ჩვენ ჯერსის ჯიშის ძროხაზეც შევაჩერეთ ყურადღება. ეს ერთ-ერთი ყველაზე პატარატანიანი ძროხაა, პირველ ხბოს 21-23 თვის ასაკში იგებს და რძე გამოირჩევა ცხიმისა და ცილის მაღალი შემცველობით... ჩვენ გლეხებს მაღალი წველადობისა და მეხორცული ჯიშების გამოყვანაზე ვესაუბრებით... თუ სოფელში რაიმე პრობლემა გაჩნდა, საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები ვალდებული ვართ, ხალხს დავეხმაროთ.