არასწორი მკურნალობის გამო 60 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტის ახლობლები "ჯეოჰოსპიტალს" არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებენ. მწვავე ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულ ალეკო კობახიძეს ზესტაფონის საავადმყოფოში გრიპის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქოტროპული წამლებით უმკურნალეს. დაზარალებულის შვილი "პალიტრანიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მამამისის მკურნალობა არასწორად წარიმართა, რის გამოც ავადმყოფი ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია.
გიორგი კობახიძის განცხადებით, ზესტაფონში მამამისს სისხლის საერთო ანალიზი ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაუკეთეს. ალეკო კობახიძე ოჯახმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც მედიკოსებმა მწვავე მენინგიტი დაუდგინეს. თბილისელი ექიმების პროგნოზით, დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის გამო, მას გადარჩენის შანსი მხოლოდ 20 % აქვს.
გიორგი კობახიძე, დაზარალებულის შვილი:
"ექიმმა მაკა ფერაძემ მითხრა, მამაშენის მდგომარეობა სავარაუდოდ, დიაბეტით არის გამოწვეულიო. რომ ვეკითხებოდი, სულ სიცხე რატომ აქვს-მეთქი? მპასუხობდა, - გაცივებულიაო. მამა ფაქტობრივად, ვერ მცნობდა, ექიმი კი მეუბნებოდა, დამამშვიდებელი მივეცი და ეს ჩვეულებრივი მომენტიაო.