აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 75 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენას ცხარე კამათი მოჰყვა: საქმე ის არის, რომ მათ შესაძენად 499 875 ლარი დაიხარჯა ანუ ერთი ძროხა 6 665 ლარი დაჯდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის მთავრობა კორუფციასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა და პირუტყვის ფასი სავსებით რეალურია. ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და გავარკვიეთ, რომ მსოფლიოში უფრო ძვირადღირებული საქონელიც არსებობს: ყველაზე ძვირფასი ძროხა კანადაში ცხოვრობს და მას გოლდ მისსი ჰქვია. ამ ძროხის ფასი 1 მილიონ 200 ათასი დოლარია - სწორედ ამ ფასად გაიყიდა "მისსი" ტორონტოში გამართულ ბაზრობაზე. ახლა გოლდ მისსი სრულ კომფორტში ცხოვრობს და სულ მალე შესაფერის "საქმროსაც" მოუძებნიან, რომ მისი არისტოკრატული ჯიში გაგრძელდეს. საქმე ის არის, რომ სელექციონერები ათეული წლების განმავლობაში აჯვარებდნენ ჰოლდშტეინის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლებს, ვიდრე ეს იდეალური ნიმუში არ მიიღეს, რომელიც ძალიან გამძლე და ლამაზია. რაც მთავარია, ამ ჯიშის საქონელი განსაკუთრებული ხარისხის რძეს იძლევა. მსოფლიოში სხვა ძვირფასი ჯიშის ძროხებიც არსებობს.
ამ თემაზე "ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელ ნინო ზამბახიძეს ვესაუბრეთ, რომელსაც ახალციხის რაიონში ფერმა აქვს, ქალბატონი ნინო ამ ბიზნესში 2008 წლიდან არის ჩართული:
ნინო ზამხახიძე - საერთოდ, ყველაფერი, რაც კარგი და მაღალი ხარისხისაა, ძვირიც ღირს, გამონაკლისი ამ მხრივ არც პირუტყვია. ძროხა, რომელიც ძალიან მაღალპროდუქტიულია და ბევრად უფრო მეტს იწველება, ვიდრე ჩვენი, ადგილობრივი ჯიშები, გაცილებით ძვირია. თუ ადგილობრივი ჯიშის ძროხა შეგიძლიათ იყიდოთ 1500, ან 2 ათას ლარად და ის საუკეთესო შემთხვევაში 12 ლიტრ რძეს იწველის, 6-7 ათას ლარად შეძენილი საუკეთესო ჯიშის პირუტყვი 20-25 ლიტრს მოიწველის - სხვაობა აშკარაა.
- რას იტყოდით აჭარის მთავრობის მიერ შეძენილი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე?
- აჭარის მთავრობის მიერ შესყიდული 1 ძროხა 6 665 ლარი დაჯდა. როგორც ვიცი, ეს არის სიმენტალის ჯიშის საქონელი, რომელიც ერთდროულად მეხორცულიც არის და მერძეულიც. ღირებულების 20 პროცენტს ფერმერი იხდის. თუ ფერმერების სუბსიდირება მოხერხდება და ისინი მხოლოდ 20, ან 30 პროცენტს გადაიხდიან, ეს სულაც არ არის უარყოფითი მოვლენა. როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე ფერმერს გადასცეს ეს პირუტყვი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა.