"ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები..." - თეფში, რომელიც ინტერნეტის სენსაციად იქცა

"ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები..." - თეფში, რომელიც ინტერნეტის სენსაციად იქცა

ალბათ ნებისმიერი შევსულვართ მაღაზიაში, რაღაც ნივთი მოგვწონებია და შეგვიძენია, თუმცა ეს ყოფითი, ჩვეულებრივი მოვლენა ყოველთვის ერთნაირად როდი სრულდება.

ამას სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" ერთ-ერთი მომხმარებლის ისტორიაც ადასტურებს, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ჭურჭლის ყიდვა დააპირა, მაგრამ ეტიკეტზე დაუჯერებელი წარწერა აღმოაჩინა: "ჭურჭელი შეიძლება შეიცავდეს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელმაც კალიფორნიის შტატის ინფორმაციით, გამოიწვია სიმსივნე, მშობიარობის დეფექტები და სხვა მსგავსი ზიანი. დაიბანეთ ხელი მისი ხელში აღების შემდგომ".

ჭურჭელს ინგლისურად ეწერა - "MADE IN CHINA". აშკარად ჩანდა, რომ მაღაზიის პერსონალმა ნივთს საეჭვო იარლიყი დროულად ვერ ააძრო. ფოტომ და ინფორმაციამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო და უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია.

ლია თოდუა, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" წარმომადგენელი:

- ამ სფეროში დაახლოებით იგივე მდგომარეობა გვაქვს, როგორიც 2010 წელს სურსათზე გვქონდა. დიდი ძალისხმევის შემდეგ, სურსათის საკითხი ნელ-ნელა მოგვარდა, მაგრამ სრულიად გაუკონტროლებელია სხვა პროდუქცია, რომელიც არანაკლებ საშიში შეიძლება იყოს ჯანმრთელობისთვის. მაღაზიებში არსებული პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მთავრობის ვალდებულებაა. ასოცირების ხელშეკრულებაშიც წერია, რომ სავაჭრო ქსელში არსებული პროდუქცია უნდა იყოს უსაფრთხო და უვნებელი. ეს ადამიანის უფლებაა და ამ უფლების უზრუნველყოფაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. არსებობს ევროკავშირის დირექტივა, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოებას ადგენს და თუ გვინდა, ცივილიზებულ ქვეყნებს მხარში ამოვუდგეთ, მისი დაცვა როგორმე უნდა მოვახერხოთ.

- როგორ უნდა შეძლოს ეს ჩვენმა ქვეყანამ?

- უბრალოდ, უნდა დაწესდეს კონტროლი პროდუქციაზე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ყიდულობს და მოიხმარს. აქ კი, რა ხდება? - გარდა სურსათისა, პრაქტიკულად, არაფრის უსაფრთხოება არ კონტროლდება - არც ჭურჭლის, არც საოჯახო ქიმიის, არც სათამაშოების, არც ბიჟუტერიის და ა.შ. ელემენტარულად, ისიც კი არ ვიცით, რით არის შეღებილი ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი, რომელსაც ყოველდღე ვიცვამთ.

- ამის ცოდნაც საჭიროა?

- საჭიროც და აუცილებელიც, რადგან საფრთხე შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ქვეყანაში ამ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო უნდა არსებობდეს, მაგრამ არ არის. უფრო მეტიც, საქართველოში ეს ყველაფერი იგნორირებულია. შევეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას და ჯერ პრემიერ-მინისტრს მივწერეთ, მერე კი - ეკონომიკის სამინისტროს. პრემიერ-მინისტრის აპარატიდან პასუხს სამი თვის განმავლობაში ველოდით, ბოლოს მოგვწერეს: მართლები ხართ, მაგრამ ამ წინადადებით ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოთო. ეკონომიკის სამინისტროდან კი დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ფაქტობრივად, ეს არის ვალდებულება, რომელსაც დღეს საქართველო არ ასრულებს - ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციის უსაფრთხოებას საჯარო ორგანო უნდა აკონტროლებდეს, რომელიც ჯერ არ შექმნილა. არსებობს მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექცია, რომელიც მარტო სახიფათო მოწყობილობებსა და დანადგარებს აკონტროლებს. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები კი უყურადღებოდ არის მიტოვებული. გამოდის, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს.

- კონკრეტულად, რომელი ნივთები წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

- ნებისმიერი დასახელების პროდუქცია შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს: არა მარტო ჭურჭელი, სკამი, მაგიდა, სამშენებლო მასალები ან საოჯახო ქიმია. მხოლოდ იმის დეკლარირება და გამეორება, რომ გასაყიდად გამოტანილი ყველა ნივთი უსაფრთხო უნდა იყოს, სიკეთეს ვერ მოგვიტანს. რადგან არ არის კონტროლი, ჩვენს მაღაზიებში ნებისმიერი საფრთხის შემცველი პროდუქცია შეიძლება შემოვიდეს, გაიყიდოს და ამას ვერავინ შეამჩნევს. ამის საუკეთესო მაგალითია სწორედ ის თეფში, რომლის გამოც სოციალურ ქსელში ამხელა ხმაური ატყდა: ნივთს ეტიკეტზე ეწერა, რომ საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ მაინც შემოვიდა საქართველოში და გაიყიდა. წარმოიდგინეთ, როდესაც არაფერი აწერია, ასეთი ნივთი რამდენად საეჭვოა. ასე რომ, ჩვენ ამ მხრივაც დაუცველები ვართ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია