რას ითვალისწინებს კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო და ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს. რას ნიშნავს "მაღალმთიანი რეგიონის" ცნება, რას გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და როგორ უნდა მოვიპოვოთ ის; რა სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები? - საკანონმდებლო სიახლეები ick.ge-მ მიმოიხილა.
რას ნიშნავს "მაღალმთიანი რეგიონის" ცნება
კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.
მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კანონის საფუძველზე მიენიჭათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი; მთიულეთი; პანკისის ხეობა; მაღალმთიანი აჭარა; გუდამაყრის ხეობა; ფშავ-ხევსურეთი; თუშეთი; ზემო სვანეთი; ქვემო სვანეთი; ლეჩხუმი; რაჭა.
ზოგადი წესის თანახმად, დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის ფორმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
რას გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი
ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების შესაბამისად (მასზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო). ამასთან, იგი ვალდებულია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან 1 კვირის ვადაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა სათანადო ცვლილება (დამატება) შეიტანონ შესაბამისი გამგეობის/მერიის დებულებაში).
ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში საერთო ჯამში 9 თვის ან უფრო მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
კანონი ადგენს ასევე აღნიშნული სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. კერძოდ:
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს სტატუსი შეუჩერდება, თუ: ა) სასამართლომ სასჯელის სახით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა; ბ) მაღალმთიანი დასახლება დატოვა უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით და კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში ფაქტობრივად 9 თვეზე ნაკლები ვადით ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) გარდაიცვალა; ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა); გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, რის გამოც კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში ფაქტობრივად 9 თვეზე ნაკლები ვადით ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე სტატუსის შეჩერების ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში); დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
სოციალური შეღავათები
კანონის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები ისარგებლებენ შემდეგი სოციალური შეღავათებით:
ა) 2016 წლის 1 სექტემბრიდან - საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ სახელმწიფო პენსიას, სოციალური დახმარების სახით მიეცემათ ყოველთვიური დანამატი - სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 %-ის ოდენობით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20 პროცენტის ოდენობით;
ბ) 2016 წლის 1 სექტემბრიდან - მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიურად მიეცემა დანამატი: ექიმს - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით; ექთანს - სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
გ) 2016 წლის 1 სექტემბრიდან - ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;
დ) 2017 წლის 1 იანვრიდან - აბონენტს (საყოფაცხოვრებო მომხმარებელს) აუნაზღაურდება მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;
ე) 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვებისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიეცემა ფულადი დახმარება - არანაკლებ 100 ლარი, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის - 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიეცემა ფულადი დახმარება - არანაკლებ 200 ლარის ოდენობით;
ვ) 2016 წლის 1 სექტემბრიდან - მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს მიეცემა დანამატი - საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 %-ის ოდენობით; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს კი დანამატის სახით მიეცემა შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და დაამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
ზ) 2016 წლის 1 იანვრიდან - მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის, მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს მიეცემათ ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა. აღნიშნული ვაუჩერის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილებით;
თ) 2016 წლის 1 სექტემბრიდან - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არიან დასაქმებული, მიეცემათ დანამატი - შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50%-ის ოდენობით. ეს დანამატი არ მიეცემა პირს, რომელიც სარგებლობს ამ ჩამონათვალის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული სოციალური შეღავათით.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სოციალური შეღავათების მიღება არ არის საარსებო შემწეობის გაუქმების საფუძველი და არ ჩაითვლება შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებად.