25 წლის გიორგი ლომიძე 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ - საკუთარი ავტომობილით უსასყიდლოდ ემსახურებოდა დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს, რომლებიც ვერეს ხეობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ.
კაცი გაჭირვებაში შეიცნობაო და, ამ საოცარი საქციელის გამო, გიორგი იმ დღეებშივე, ნაძალადევის გამგეობაში დაასაქმეს. ამის შემდეგ მან შეწყვიტა ის საქმე ანუ "ტაქსისტობა", რითიც მანამდე ოჯახს არჩენდა.
- 18 წლის ასაკიდან ვმუშაობ: ჯერ სადისტრიბუციო კომპანიაში, შემდეგ "ვტაქსაობდი", ახლა უკვე გამგეობის თანამშრომელი ვარ. ჩვენს ოჯახს მატერიალურად მაინცდამაინც არ ულხინდა და იძულებული გავხდი, ჯერ კიდევ თინეიჯერი შევბმულიყავი ცხოვრების უღელში. ვფიქრობ, ადამიანს როგორი ბარიერიც უნდა შეგხვდეს, ხელები არ უნდა ჩამოუშვა, მიზნის მისაღწევად აუცილებლად უნდა იბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და საზღვარგარეთ წასვლის შანსიც მქონდა, არსად წავსულვარ. ხალხი აქაც ახერხებს ცხოვრებას...
- საზოგადოებამ თბილისისთვის მძიმე დღეებში გაგიცნო. საოცრად კეთილშობილური ნაბიჯით, ხალხზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინე. ახლა ნაძალადევის გამგეობაში რა პოზიციაზე მუშაობ?
- ცოტა შორიდან დავიწყებ: 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, 14 ივნისს, დაახლოებით შუადღეს, ჩემს "ფეისბუკ-გვერდზე" მეგობრებს მოვუწოდე, - ვისაც მანქანა გყავთ, წავიდეთ და მოხალისეებს დავეხმაროთ-მეთქი. ჩემს პოსტს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი 15 რიცხვშიც არაერთხელ გავაზიარე. 16-ში უკვე გადავწყვიტე, ამომებეჭდა ტრაფარეტი - "უფასო მომსახურება მოხალისეთათვის" და დანიშნულების ადგილას მივსულიყავი. მოკლედ, სვანიძის ქუჩის ჩასახვევთან მივედი და რამდენიმე საათში, ჩემი ზეპოპულარიზაცია მოხდა: იმ დღეს ყველა საინფორმაციო საშუალებაში ჩემზე ლაპარაკობდნენ.
- მოკლედ, ნახევარ დღეში გახდი დღის გმირი, არა?
- ეს უკვე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი მგონია. მოდი, ჩემს საქციელს პატარა სიკეთე ვუწოდოთ, რადგანაც საქართველოს ბევრი ნამდვილი გმირი ჰყოლია და უხერხულია, მეც გმირი მიწოდონ. უბრალოდ, პატარა სიკეთე გავაკეთე... მერე უკვე უამრავმა ადამიანმა მომბაძა, რაც საბოლოო ჯამში, გაჭირვებული ადამიანებისთვის რეალური დახმარება იყო. ისინი ხომ იმ დღეებში საკუთარი სახსრებით გადაადგილდებოდნენ და ზოგს სახლამდე მისასვლელად ფულიც არ ჰქონდა. მთელი დღის ნამუშევარს, ფეხით უწევდა გრძელი გზის დაფარვა. მოკლედ, ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ, გავრცელდა პრემიერის განცხადება. საგანგებო სხდომაზე, მან საქციელი შემიქო და მადლობა გადამიხადა ხალხის დახმარებისთვის, რასაც ვიმეორებ, საკუთარ მოვალეობად მივიჩნევდი. პრემიერმა ბატონ დავით ნარმანიას შესთავაზა ჩემი დასაქმება. რამდენიმე დღეში, ქალაქის მერმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ზაზა გაბუნიამ დიდი სიხარულით მიმიღეს ნაძალადევის გამგეობაში. ამჟამად, პროვაიდერების ზედამხედველობის მონიტორინგის განყოფილებაში ვმუშაობ.
- რა გევალება და რამდენად კმაყოფილი ხარ შენი ახლანდელი საქმიანობით?
- მევალება პროვაიდერებისთვის მონიტორინგის გაწევა. მაგალითად, მიმდინარეობს გზის დაგების ან საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები. მე უნდა გავიგო, რას აკეთებენ და რას გეგმავენ მომდევნო დღისთვის, რა არის გასაკეთებელი და ა.შ.
- საქმე გაითავისე?
- კი. მანამდე თვითდასაქმებული გახლდით - საკუთარი მანქანით "ვტაქსაობდი". რა თქმა უნდა, ჩემი ძველი და ახალი საქმიანობის შედარებაც არ შეიძლება. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი გუნდია. მთელი გამგეობა კარგი ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ყველას ძალიან ვუყვარვარ და მათ ეს თვალებში ეტყობათ. ვცდილობ, თავადაც კარგი მეგობრობა გავუწიო. საქმე სპეციფიკურია და ვფიქრობ, კარგად ავითვისე. მგონი, ცუდი თანამშრომელი არ ვარ. ცოტა ხნის წინ, იმ ოთხ ადამიანს შორის მოვხვდი, ვინც "თბილისზე მზრუნველებად" დაასახელეს და ერთ-ერთმა ბანკმა თითოეულს 4.000 ლარი გადმოგვცა. ყველას დიდი მადლობა ამისთვის.
- ახლა რომ იხსენებ, რა იყო ივნისის ის მძიმე დღეები პირადად შენთვის?
- 13 ივნისი, როგორც თბილისელისთვის, დიდი ტრაგედია იყო. რაც მომდევნო დღეებში ვნახე, ეს საოცრება გახლდათ. სამოქალაქო ერთსულოვნებაზე კარგი არაფერია. მარტო ქართველები კი არა, უცხოელებიც მხარში ედგნენ დაზარალებულებს. ერთსულოვნებისა და სიკეთის საოცარი მაგალითები იყო. ადამიანებმა აღარ იცოდნენ, რაში დახმარებოდნენ ერთურთს და უკან არაფერზე იხევდნენ. მათი შემყურე, ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ.
- მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეებში არც შენ დაგიხევია უკან, ბევრმა ალბათ, არც იცის, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა გაქვს: ერთი თირკმლით ცხოვრობ და ისიც, მამამ გადაგინერგა.
- 3 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თირკმელი გადამინერგეს. ახლა არა მიშავს. ასე თუ ისე, თავს კარგად ვგრძნობ... ვინაიდან იმ დღეს ფიზიკურად არ შემეძლო სხვების დახმარება, ამიტომაც ვემსახურებოდი ხალხს მანქანით.
გაგრძელება
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება