თხილის ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წინა კვირას თხილი ერთბაშად 3 ლარით გაიაფდა, თუმცა ორ-სამ დღეში ფასმა დაახლოებით 1,5 ლარით მოიმატა. ერთ-ერთი ვერსიით, თხილის გაიაფება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, ფასზე გავლენა ხარისხმაც მოახდინა, რადგან მოგება 30-33%-ით შეუმცირდათ.
ერთი კვირის წინ 1 კგ პროდუქტის ყიდვა 8,70 ლარად შეიძლებოდა, თუმცა ორიოდე დღის წინ ფასი ერთბაშად 3-3,50 ლარით შემცირდა და 5,50 ლარამდე ჩამოვიდა. დღეის მდგომარეობით, დასავლეთ საქართველოში თხილი 6,30 ლარი ღირს, ხოლო გალში ხალხი თხილს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდის. ამის მიზეზი ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯია. ადგილობრივების ინფორმაციით, საზღვრიდან 1 კგ პროდუქტის გატანაში მესაზღვრეები დამატებით 1 ლარს ითხოვენ, რის გამოც ადგილზე თხილი, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, იაფია.
ზუგდიდში მდებარე თხილის ჩამბარებელ პუნქტებში აცხადებენ, რომ პროდუქტის ფასი სამომავლოდ შეიცვლება, მაგრამ მაქსიმალური ღირებულება 9-10 ლარს არ გადააჭარბებს. შარშან ამ დროს თხილი 12 ლარი ღირდა. მაღალი ფასის გამო ხალხი მოსავალზე დიდ იმედს ამყარებდა, ამიტომ სეზონის დასაწყისში, როცა ფასი გაცილებით მეტი იყო, გაყიდვისგან თითქმის ყველამ თავი შეიკავა.
თხილის გადამყიდველები ამბობენ, რომ ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, დიდია დაინტერესება თურქების მხრიდან. მეტიც, თითქმის ყველა ქარხნის უკან დგანან თურქი მოვაჭრეები, რომელიც ქართულ თხილს იაფად ყიდულობენ და დიდი მოგებით გააქვთ ექსპორტზე. თუმცა ამ ეტაპზე დაინტერესება თურქებმაც შეამცირეს. ინდმეწარმე ლადო გერგედავას ინფორმაციით, ნედლეულზე მოთხოვნა თითქმის აღარ არის და თხილის გული არ გააქვთ, რამაც ფასი ერთბაშად "დააგდო".
"თხილის რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია. სიიაფის გამო მოსახლეობა თავს მაქსიმალურად იკავებს და მარაგის გადანახვას ცდილობს. ხალხს იმედი აქვს, რომ ფასი მოიმატებს. ქარხნები მინიმალური რაოდენობით ვიბარებთ. დღეში, საშუალოდ, თითო ქარხანა 4-5 ტონამდე თხილს ყიდულობს, როცა სხვა პერიოდში ეს მაჩვენებელი 40-50 ათას ტონამდეა. გადამყიდველებს კი ყოველდღიურად 1 ტონა თხილის შესყიდვაც უჭირთ.