3 წლისა და 7 თვის თინათინ მესხიძე მწვავე ვირუსული ინფექციით - ჩუტყვავილათი, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ლალი ნოზაძე, თბილისის 29-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: - თინათინი ჩვენს ბაღში სექტემბრიდან დადიოდა. 23 მაისს 4 წლის გახდებოდა. უჭმელი ბავშვი იყო და დედას ადრე მიჰყავდა - იქნებ შინ მაინც ვაჭამოო. მისი უფროსი დაც ჩვენს ბაღში დადიოდა, წელს წავიდა სკოლაში.
27 ნოემბერს, დილით, დედამისმა დარეკა - ბავშვს დისგან ჩუტყვავილა გადაედო და ვერ მოვიყვანო. მაღალი სიცხეები ჰქონია ბავშვს და ოჯახის პედიატრთან მიუყვანია - საავადმყოფოში ხომ არ გადავიყვანოთო. მას უთქვამს, - საშიში არ არის, სიცხეები იცის და დაუწევს, საავადმყოფოში გადაყვანა არ არის საჭიროო.
ბავშვს სიცხემ რომ არ დაუწია, თან შარდის ბუშტთან გამოებერა, დედამ ინფექციურ საავადმყოფოში წაიყვანა. იქ უთხრეს, აუცილებელია კათეტერის ჩადგმა, მაგრამ უროლოგი არ გვყავსო და იაშვილის კლინიკაში გაგზავნეს. იქ ბავშვი არ მიიღეს, - მძიმე ავადმყოფია, საავადმყოფოში ინფექციას შემოიტანსო.
ნუთუ ამხელა საავადმყოფოს არ უნდა ჰქონდეს ბოქსი, სადაც იზოლირებულად ეყოლებათ ასეთი ავადმყოფები?
მშობლებმა დიდი დავიდარაბით მიაღებინეს ბავშვი, მაგრამ ამასობაში პატარას სეფსისი განუვითარდა, გაეთიშა ორივე თირკმელი, გაუკეთეს დიალიზი. სულ 15-20 გრამი შარდი ძლივს გამოყო, მთელი შარდი წავიდა ორგანიზმში და მოიწამლა. დიაგნოზში წერია, რომ ეს ტოქსიკური შოკი იყო. მშობლები ამბობენ, ექიმების დაუდევრობას შეეწირა ჩვენი შვილიო და უჩივიან ორივე საავადმყოფოს ექიმებს. ბავშვი იაშვილის კლინიკაში გამთენიისას უგონოდ გარდაიცვალა. დედა დიდი ხვეწნის შემდეგ შეუშვეს რეანიმაციაში - ნემსებით იყო დაჩხვლეტილი, ჩემს ხელში დალია სულიო...
პატარა თინათინის დედა 22 წლის არის, 15 წლისა გათხოვდა.
იაშვილის კლინიკაში მცირე კომენტარით შემოიფარგლნენ, - გოგონა საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლესო. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მომხდარს შეისწავლის. ალბათ მათ ოფიციალურად მიმართავს ჭირისუფალიც, რომლებიც დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ.
გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!
AMBEBI.GE/საზოგადოება